საქართველოს ქალთა ლიგაში მე-9 ტურის შემდეგ, ლიდერი „ლანჩხუთი" გახდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გურულებმა, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „სამეგრელო" მიიღეს და 2-1 დაამარცხეს. სატურნირო ცხრილის ლიდერების დაპირისპირებაში ანგარიში, სტუმრებმა, 33-ე წუთზე გახსნეს. გოლი, ნინო ბუხრიკიძემ გაიტანა. „ლანჩხუთმა", ტაიმის მიწურულს, მეტოქის ავტოგოლის წყალობით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მეორე ტაიმის შუაწელში კი, თეონა ბაქრაძის გოლით დაწინაურდნენ კიდეც. თანაბარ თამაშში, რეალური საგოლე მომეტები უფრო „ლანჩხუთს" ჰქონდა, შესაბამისად, მასპინძლებს არ გასჭირვებიათ, ანგარიშის შენარჩუნება და უშუალო კონკურენტთან, საჭირო 3 ქულის აღება.
ამ ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, ერთპიროვნულად, „ლანჩხუთი" ლიდერობს. მას, სწორედ მე-9 ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, 3 ქულით ჩამორჩება „სამეგრელო". მესამე საფეხურზე კი, 17 ქულით, არის თბილისის „კვარტალი".
ხობში, პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივ „კოლხეთსა" და „კვარტალს" შორის დაპირისპირებაში, შეხვედრის მე-11 წუთისთვის უკვე სამი გოლი იყო გასული. ანგარიში სტუმრებმა მე-5 წუთზე, ლამარა ბაბაიანის გოლით გახსნეს. მე-9 წუთზე 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა ლიზი კანკიამ, თუმცა, მასპინძლებმა საპასუხოდ, მე-10 წუთზე ლიზი ცაავას გოლის წყალობით ერთი ბურთი გაქვითეს. ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე, ანანო წიქარიძემ კვლავ ორი ბურთით დააწინაურა „კვარტალი". ამ შეხვედრაში ბოლო გოლი კი, მასპინძლებმა, 48-ე წუთზე გაიტანეს. დუბლი ცაავამ შეასრულა. აქვე, აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში, ორივე გუნდიდან გამორჩეული თბილისელთა გარემარბი მარიამ ცისკარიშვილი იყო, რომელიც ამ დღეს, ყველაზე შესამჩნევი იყო მინდორზე, მან მოიპოვა შეხვედრის საწყის წუთებში 11-მეტრიანი და ამას გარდა, კიდევ ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მატჩი კი, 2-3, „კვარტალის" სასარგებლოდ დასრულდა.
თბილისში, სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრში, სოხუმის „დინამომ", „ნორჩ დინამოს" უმასპინძლა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ზედა ჯგუფში მოსახვედრად, „კოლხეთთან" ერთად, სწორედ, ეს ორი გუნდი აცხადებს პრეტენზიას. შესაბამისად, „დინამოებს" შორის მატჩი, ამ კუთხითაც იყო პრინციპული. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ფრე დაფიქსირდა მე-9 ტურის პირველ ტაიმშიც. თუმცა, სოხუმელთაგან, 63-ე წუთზე მეგო ეჯიბიამ მოახერხა ანგარიშის გახსნა, 75-ე წუთზე, კი, გასული სეზონის გოლეადორმა ლელუ ჭიჭინაძემ, ანგარიში ორამდე გაზარდა. სოხუმის „დინამომ" 2-0 გაიმარჯვა და ახლა, 11 ქულით, სატურნირო ცხრილის მე-4 საფეხურზეა.
ქუთაისში, ნიკეას ბაზაზე, „მართვესა" და „ბათუმის" დაპირისპირებაში, ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე გაიხსნა. სტუმრები, „მართვეს" ავტოგოლის შემდეგ დაწინაურდნენ და ეს ლიდერობა, დაახლოებით 10 წუთი შეინარჩუნეს. თუმცა, 51-ე წუთზე, მარიამ ხარგელიამ მოახერხა ანგარიშს გათანაბრება. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მე-10 ტური 3 და 4 ივნისს ჩატარდება.