მამარდა: ყველა ადამიანი არის თანასწორი - წესი, რომელიც არასდროს დამირღვევია
მამარდა: ყველა ადამიანი არის თანასწორი - წესი, რომელიც არასდროს დამირღვევია
23.05.2023
ავტორი: TSFF.GE

„ვალენსიას" ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „რეალთან" მატჩში, საუკეთესოდ დასახელდა. მოგვიანებით ის, ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც, ერთდროულად რამდენიმე გამოცემამ დაასახელა, თუმცა, ქართველის მიმართა, უფრო მეტი ყურადღება მატჩის მიწურულს მომხდარმა ინციდენტმა უფრო დაიმსახურა. ესპანური სოციალური ქსელის ნაწილი „მამარდას" რასიზმში ედავება. შესაბამისად, ქართველს პასუხის გაცემაც მოუხდა.


„ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. @vinijr პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ", - წერს გიორგი მამარდაშვილი.


„მამარდას" გასამხნევებლად, საქართველოს ეროვნული ნაკრების თითქმის ყველა წევრმა ასევე, საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" გამოხატეს პოზიცია. გამონაკლისი არც გიორგი ბავშვობის მეგობარი და თანააკადემიელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.


„მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი , კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, @vinijr შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს", - ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია.


შეგახსენებთ, რომ ქართველმა, მატჩის მიწურულს, თანაგუნდელი მუსა დაიცვა, რომელთანაც ვინისიუს ჟუნიორგი შევიდა კონფლიქტში.




სტატიაში გამოყენებულია ფოტო გიორგი მამარდაშვილის სოციალური ქსელიდან