საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისათვის თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. დათვალიერების პროცესს სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მესხის და პაიჭაძის სტადიონებს, დავით პეტრიაშვილი არენას, ტექნიკური ცენტრ ბასას, ქუთაისის შენგელია არენას და სავარჯიშო მოედნებს წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში.
სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.
ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, მოეწყო 6 სტადიონის განათების სისტემა, დამონტაჟდა გახმოვანების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა.
ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები, ყველა სტადიონისთვის, ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport"-მა და "SIS Pitches"-მა და შეასრულეს.
ლევან კობიაშვილი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩვენ ქვეყანაში ტარდება, რაც ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ სპორტული, არამედ ინფრასტრუქტურული კუთხით. გაკეთდა მიხეილ მესხის სტადიონი, დინამო არენა, შენგელია არენა და სავარჯიშო ცენტრები სხვა ქალაქებში. ეს არის ძალიან დიდი შენაძენი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო და მოგვცა საშუალება თამამად ვთქვათ, რომ ქვეყანაში უეფას ყველაზე მაღალი სტანდარტის, მეოთხე კატეგორიის ოთხი სტადიონი გვაქვს. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და ამაყი ვარ, რომ ერთობლივად ვუმასპინძლებთ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირს".