შერმადინის 8 ქულა და ტენერიფეს მარცხი მალაგაში
შერმადინის 8 ქულა და ტენერიფეს მარცხი მალაგაში
22.05.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, 33-ე ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფე სტუმრად უნიკახას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 71-75 დამარცხდა. 

პირველი-ორი მეოთხედი გუნდებმა ერთნაირი ანგარიშით მოიგეს (21:13, 13:21), მაგრამ გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელშიც მალაგელებმა 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, ტენერიფემ კი დასკვნით ათწუთეულში ჩამორჩენა ვეღარ აღმოფხვრა.


გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მხოლოდ 15 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი კი 6 გამოდგა.


აღსანიშნავია, რომ ტენერიფეს რიგებიდან 10-ქულიან ზღვარს ვერავინ გადასცდა. ყველაზე შედეგიანი 9 ქულით ფრან გერა იყო, 8-8 ქულა კი სასუ სალინმა და მარსელინო უერტასმა დააგროვეს.


ტენერიფე 23 მოგებით და 10 წაგებით მე-4 ადგილზეა, რეგულარული სეზონის ბოლო ტურში კი 23 მაისს, სარაგოსას უმასპინძლებს. შემდეგ კი პლეი ოფი დაიწყება, რომელშიც ლიგის 8 საუკეთესო გუნდი ითამაშებს.