„კვარტალმა“ ზედა ჯგუფში მოსახვედრად განაცხადი გააკეთა
„კვარტალმა“ ზედა ჯგუფში მოსახვედრად განაცხადი გააკეთა
21.05.2023
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი


20 და 21 მაისს, ქალთა ლიგის 2023 წლის გათამაშების რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწო. ამ წრის დასრულების შემდეგ, სატურნიროც ცხრილის პირველ ოთხ საფეხურზე მყოფი გუნდი მედლებისთვის გააგრძელებს ასპარეზობას, ქვედა ოთხეული კი, ძლიერთა შორის დასარჩენად იბრძოლებს. რვა ტურის შემდეგ, გათამაშებას 22-22 ქულით „ლანჩხუთი" და „სამეგრელო" ლიდერობენ. 14 ქულა აქვს „კვარტალს", რომელმაც ამ ტურში პრინციპულ მეტოქესთან, სოხუმის „დინამოსთან" გამარჯვება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი ესწრებოდა, რომელიც ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის თამაშებს სისტემატურად ადევნებს თვალს.


„კვარტალისა" და სოხუმის „დინამოს" დაპირისპირება, თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში შედგა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, გოგონების თამაშს „ცეცხლი" და სიმწვავე არ აკლდა. ანგარიში, მე-8 წუთზე ნათია დანელიამ გახსნა. მანვე, 30-ე წუთზე ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი, მეორე ტაიმის სტარტზე კი, ჰეთ-თრიქიც გაიფორმა. 55-ე წუთზე გამოცდილმა ლელა ჭიჭინაძემ, ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა, დინამოელებმა „კვარტალის" დაცვის ხაზთან ვერაფერი გააწყვეს. საპირისპიროდ, სოხუმელების მეკარის ქრის-ენ ჩამბერსის წყალობით მასპინძლებმა, დარჩენილ დროში, ერთზე მეტჯერ მეტოქის კარი ვეღარ აიღეს. ამ შეხვედრაში, ბოლო გოლი, 71-ე წუთზე ანანო წიქარიძემ გაიტანა. „კვარტალმა" კი, 4-1 მოიგო და უშუალო მდევრებს, სოხუმის „დინამოსა" და „ბათუმს" 6 ქულით გაასწრო.


მატჩის ფოტო-ამბავი


მე-8 ტურში, „ბათუმი", ანგისას ბაზაზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „სამეგრელოს" დაუპირისპირდა. ანგარიში მე-5 წუთზე მაიკო ბებიამ გახსნა.  მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა, ყველაფერი იღონეს, რომ ანგარიში შეეცვალათ. თუმცა, მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე, გოლი კვლავ, მათ კარში გავიდა. ნინო ბუხრიკიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. 89-ე წუთზე, პოლინა შატილოვამ , ბოლო წერტილი დასხვა. ჩხოროწყუელებმა 0-3 მოიგეს.


ქუთაისში, „ნიკეას" ბაზაზე, მორგი მარცხი განიცადა „მართვემ". ქუთაისელებმა, ხობის „კოლხეთს" უმასპინძლეს და 0-4 წააგეს. სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი ამ ორი გუნდის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და 65-ე წუთამდე, მშრალი ანგარიში იყო. თუმცა, 66-ე წუთზე, ლიზი ცაავამ ანგარიშის გახსნა მოახერხა. ამის შემდეგ, 69-ე, 78-ე და 81-ე წუთებზე, კიდევ სამი გოლი გაიტანა და შესაბამისად, მატჩში პოკერი შეასრულა.


ტურის ბოლო შეხვედრა თბილისში, სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში ჩატარდა. „ნორჩმა დინამომ", „ლანჩხუთს" უმასპინძლა და 0-4 დაამარცხა. ლანჩხუთელებმა თითო ტაიმში 2-2 გოლი გაიტანეს, ეთერ სულაშვილმა (24'), თინათინ ამბალიამ (41'), თეონა ბაქრაძემ (74') და ლანა გორგაძემ (84').


მომდევნო, მე-9 ტურში, „ლანჩხუთი" და „სამეგრელო" შეხვდებიან ერთმანეთს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, სწორედ ამ ტურში, ქალთა ლიგის გათამაშებაში ორხელისუფლიანობაც დასრულდეს.


მომდევნო, მე-9 ტური 27 მაისს არის დაგეგმილი.