სუპერლიგის ფინალურ დაპირისპირებაში თსუ დაწინაურდა
სუპერლიგის ფინალურ დაპირისპირებაში თსუ დაწინაურდა
20.05.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს რუსთავში, ქიმიკოსთან დარბაზში, საქართველოს სუპერლიგის 2022-2023 წლების გათამაშების ფინალურმა დაპირისპირებამ აიღი სტარტი. ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის, მოქმედი ჩემპიონი „რუსთავი" და თსუ სამ მოგებამდე ითამაშებენ. პირველი რაუნდის შემდეგ, ანგარიში თბილისურმა კლუბმა წაიყვანა.

რუსთავში, მშობლიურ კედლებში, ანატოლი ბოისას გუნდმა კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 6-ბურთიანი სხვაობითაც, 18-12 მოიგო. კარგად წაუვიდა საქმე „რუსთავს" მეორე მეოთხედშიც, რომელიც ასევე მასპინძლებმა 22-14 მოიგეს და შესაბამისად, დიდ შესვენებაზეც, საკუთარი კედლებით შეგულიანებულნი 14-ქულიანი სხვაობით გავიდნენ. ანგარიში 40-26 იყო, „რუსთავის" სასარგებლოდ.


მეორე ტაიმში, თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და ნელ-ნელა 14-ქულიანი ჩამორჩენაც აღმოფხვრეს, ეს მონაკვეთი 10-20 მოიგეს და ბოლო, მონაკვეთის წინ, მხოლოდ 4 ქულითღა ჩამორჩებოდნენ მასპინძლებს. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი 37:43 წამი გახდა, როდესაც, ჯიმონ ჰენსონმა საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა, 62-62, კიდევ ერთი სროლის შემდეგ კი, თბილისელები დააწინაურა. შეხვედრის დასრულებამდე 44 წამით ადრე, კვლავ ჰენსონმა ზუსტად ჩააგდო 2-ქულიანი და თსუ 64-67 დააწინაურა. დარჩენილ დროში, გუნდები ძირითადად, ტაქტიკური საჯარიმოებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, შესაბამისად, ჯერ გამოცდილ გიორგი ცინცაძეს არ უღალატა ნერვებმა და ზუსტად შეასრულა 2 სროლა, 64-69, ბოლოს კი, რუსთაველთაგან, გუგა პატაშურმა თავისის 2 საჯარიმო ჩააგდო. თუმცა, მატჩის ოვერტაიმში გადასაყვანად, „რუსთავს" 9 წამი აღარ ეყო.


მატჩი, თსუ-ს გამარჯვებით 66-69 დასრულდა (სრული სტატისტიკა ).


სტუმართაგან ყველაზე შედეგიანი 19 ქულით მალკოლმ დრამრაითი იყო. მასპინძლებში კი, ყველაზე მეტი, 15 ქულა გუგა პატაშურმა დააგროვა.


შეგახსენებთ, რომ ფინალურ დაპირისპირებაში, მოედნის უპირატესობა „რუსთავს" აქვს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა (14 მოგება, 6 მარცხი). თსუ-მ ჯგუფური ეტაპი მე-4 ადგილზე დაასრულა, 12  მოგებითა და 8 მარცხით. 20 და 21 მაისს ფინალური სერიის მატჩებს რუსთავის საკალათბურთო დარბაზი უმასპინძლებს, ხოლო მე-3 შეხვედრა „თბილისი არენაზე" 24 მაისს ჩატარდება. თუ საჭირო გახდა, სერიის მე-4 მატჩი თბილისში, 25 მაისს, ხოლო თუ აქაც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული „რუსთავში" 28 მაისს გაიმართება.




საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტო