ქუთაისის „ტორპედოში“ კვლავ ცვლილებებია
ქუთაისის „ტორპედოში“ კვლავ ცვლილებებია
19.05.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მას შემდეგ, რაც გუნდი დაატოვებინეს „ტორპედოს" კოლორიტულ მწვრთნელს კახა ჩხეტიანს, გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე ფეხბურთელმა - როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმა. როგორც ფეხბურთელების ასევე გუნდიდან ჩხეტიანის წასვლის თაობაზე კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.

მიმდინარე წელს გუნდი, მეტ-ნაკლებად სტაბილურად ასპარეზობს ეროვნულ ჩემპიონატში და მე-15 ტურამდე, სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-6 ადგილზეა. თუმცა, როგორც ჩანს, ქუთათურები, ამ მომენტისთვის ელიგაში სტაბილურობაზე მეტად ევრო-ტურნირებზე უფრო აკეთებენ გათვლას და კლუბშიც, რადიკალურ ცვლილებებს გეგმავენ.


გუნდის აწ უკვე მთავარი მწვრთნელისა და კოლორიტულ ფეხბურთელებთან დამშვიდობების შემდეგ, ქუთაისის „ტორპედოს" პრეს-სამსახურმა, მორიგი სიახლე დააანონსა. კერძოდ,


დღეს, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში", მედიას,  „ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, შოტლანდიელი სტივ კინი წარადგინა.


„55 წლის სპეციალისტი პრემიერლიგაში ნამუშევარი პირველი მწვრთნელია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში იმუშავებს, მას მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, სტივ კინის კარიერა ინგლისურ, შოტლანდიურ და ავსტრალიურ კლუბებში საქმიანობას იტევს. ასევე აქვს სანაკრებო გამოცდილებაც. საფეხბურთო კლუბებში წლების მანძილზე, მენეჯმენტის კუთხით სხვა და სხვა წამყვან პოზიციებზეც უმუშავია. განსაკუთრებული საფეხბურთო ავტორიტეტითა და პროფესიონალიზმით გამორჩევა ბრიტანეთში, სადაც მას ისეთი სპეციალისტები აფასებენ, როგორებიც სერ ალექს ფერგიუსონი, ჟოზე მოურინიო, როი ჰოჯსონი და კრეიგ ბრაუნი არიან", - წერს „ტორპედოს" ოფიციალური გვერდი. ამას გარდა, კინი, 23 მაისს, ქუთაისში, „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის" სააქტო დარბაზში, კლუბის გუშემატკივრებს და დაინტერესებულ პირებსაც შეხვდება.


ახალი მწვრთნელის თავკაცობით, ქუთაისის „ტორპედოს" პირველი შეხვედრა უკვე ხვალ, მე-15 ტურში, თელავში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს. 24 მაისს, კი, ქუთაისელები, სამტრედიაში „დინამო თბილისს" უმასპინძლებენ.