„სანაკრებო ბიჭების" მორიგი საკლუბო კვირა კვლავ, საინტერესო და დახუნძლული გამოდგა.
ლუკა გუგეშაშვილი „ყარაბახთან" ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა.
ოფიციალურად, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვან დღეს, 13 მაისს, გაიფორმა ჩემპიონობა „სლოვანმა". ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ჯაბა კანკავასთან, გურამ კაშიასთან და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გახდა.
კვიპროსის ჩემპიონატში, საშინაო მატჩი 2-1 მოიგო „აპოელმა". გამარჯვების მომტანი გოლი, 54-ე წუთზე ლაშა დვალმა გაიტანა. თუმცა, ამ შეხვედრაში, რომელშიც „აპოელი" 0-1 აგებდა, ანგარიშის გათანაბრების საშუალება მეორე ქართველს ჰქონდა. 21-ე წუთზე, გიორგი ქვილითაიამ 11-მეტრიანი გააფუჭა.
საფრანგეთში სტადიონებზე ქართული დროშები მატულობს. ამჯერად, „მეცმა" შინ, 1-0 „გრენობლი" დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე კი, 47-ე წუთზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა „ულსან ჰიუნდაიმ". საშინაო მატჩში, ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა „სეული" 3-2 დაამარცხა. ვაკო მოედანზე საუკეთესო იყო და მეტოქის კარში ორი გოლი, 49-ე და 68-ე წუთებზე გაიტანა.
ექსტრაკლასაში, „ლეხმა", სტუმრად გამარჯვება მოიპოვა. პოზნანელებმა „რაკუვი" 0-2 დაამარცხეს, ნიკა კვეკვესკირის ანგარიშზე კი, საგოლე გადაცემაა.