გიორგი შერმადინი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის მატჩში ქართველი ცენტრის ლიდერობით ტენერიფემ უნიკახა 84-79 დაამარცხა. ოთხთა ფინალის მასპინძელი ესპანეთის ქალაქი მალაგა გახლდათ, თუმცა მასპინძელთა გუნდმა ნახევარფინალიც წააგო და მესამე ადგილისთვის მატჩიც.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა უნიკახას წინააღმდეგ 25:35 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. რაც შეეხება პასივს, გიორგიმ ერთხელ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 17 შეადგინა, რაც ტენერიფელთა შორის საუკეთესო შედეგი გახლდათ.
მატჩის პირველ პერიოდში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა დიდი უპირატესობის მოპოვება და უნიკახამ მხოლოდ 2 ქულით მოიგო. მეორე მეოთხედში ეს უპირატესობა შერმადინის გუნდმა 15 ქულამდე გაზარდა. უნიკახას მატჩის შემოტრიალებაც შეეძლო, რადგან ბოლო პერიოდის ბოლოში ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, მაგრამ ტენერიფემ მაინც მოიგო.
ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებულია, თუმცა წლეულს ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ჩემპიონი კი ბონის ტელეკომ ბასკეტი გახდა, რომელმაც ფინალში იერუსალიმის ჰაპოელი დაამარცხა.
შემდეგ შეხვედრას შერმადინი უკვე ლიგა ენდესაში გამართავს, სადაც მისი გუნდი 20 მაისს სარაგოსას დაუპირისპირდება.