საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან სამი მედლით ბრუნდება
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან სამი მედლით ბრუნდება
13.05.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით საუკეთესო შედეგს მიაღწია - ბეჟან ჭიჭინავას გუნდმა სამი მედალი მოიპოვა.


ევროპის ჩემპიონმა, ევროპული თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა სახილ ალახვერდოვმა (48 კგ), რომელიც ტაშკენტის რინგზე განთესილთა შორის იყო, ინდოელი, ბულგარელი და კუბელი მეტოქეები დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. საქართველოს წარმომადგენელი გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახ სანჟარ ტაშკენბეის დაუპირისპირდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და ჩემპიონატი მისთვის საუკეთესო შედეგით - ვერცხლის მედლით დაასრულა.


ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ლაშა გურულმა (67 კგ) და ევროპის ჩემპიონმა გიორგი ყუშიტაშვილმა (86 კგ).

საპრიზო ადგილამდე თითო მოგება დააკლდათ ესკერხან მადიევს (71 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძეს (+92 კგ). მერვედფინალში დამარცხდნენ არტუშ გომციანი (60 კგ) და გიორგი ჭიღლაძე (92 კგ), მეთექვსმეტედფინალში - ლაშა გაგნიძე (63.5 კგ), გიორგი ხარაბაძე (75 კგ) და ოთარ ნავერიანი (80 კგ).


საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური მეოთხე ადგილით დაასრულა.