დღეს დოჰაში, ალბათ, ერთი ვლადიმერ ნუცუბიძე აკლდა საფინალო და დაჯილდოების ცერემონიის მთელ აურზაურს, თორემ სხვა დანარჩენი იყო: მსოფლიოს ჩემპიონი ქართველი - ლუკა მაისურაძე, ვიცე-ჩემპიონი ქართველი - ლაშა ბექაური, ჯუდოკების ქართველი სეკუნდანტები, დამჯილდოვებელთა შორის ქართველი გიორგი ათაბეგაშვილი, მსოფლიო ძიუდოს ხმა, გიორგი ჭანიშვილი, ისტორიული ფიტო-კადრების ავტორი თამუნა ყულუმბეგაშვილი, რეპორტაჟზე მომუშავე ქართველი ტელე-ოპერატორები და ტრიბუნაზე ბევრი ქართველი ქომაგი და ქვეყნის 5-ჯვრიანი დროშა.
თუმცა, ვლადიმერ ნუცუბიძემ მთელი რიგი შეხვედრებიც იმსაჯა და ფინალურ ორთაბრძოლამდეც -90 კგ წონით კატეგორიაში, ლუკა მაისურაძემ და მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა საკმაოდ საინტერესო გზა გაიარეს.
ალბათ, ვიდრე უშუალოდ ქართველების გამოსვლაზე ვილაპარაკებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტურნირის მთავარი ექიმი ასევე ჩვენებური ზურაბ კახაბრიშვილია, რომლის ქართველ სპორტულ მედიკთა გუნდის გამართული მუშაობა, რომ არა, გუნდის ასეთი სტაბილურობაც ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა.
ლაშა ბექაურმა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად ტაჯიკი უსტოპირიონი იპონით გამოთიშა ასპარეზობას. მომდევნო შეხვედრაში, ჩვენებურმა ნემანია მაიდოვი შეხვედრის პირველ წუთზე აღებული ვაზარით გაუშვა სახლში. ბადის მოსაგებად და 1/2 ფინალში გასასვლელად, ქართველს წილისყრამ, რუსი მანსუნ ლარსანოვი დაუპირისპირა. აქ, ბექაურმა მე-14 წამზევე მოახერხა ვაზარის აღება, თუმცა, ბრძოლოს მოსაგებად დაახლოებით 2 წუთი კიდევ დასჭირდა ვიდრე, ნახევარფინალურ საგზურს დაეუფლებოდა. ბოლო წინაღობა, ფინალამდე, ბექაურისთვის იაპონელი სანოშინო მუარო იყო. აქ პირველი ვაზარი იაპონელმა აიღო. თუმცა, ლაშამ მალევე გაუთანაბრა. შეხვედრის დამთავრებამდე წუთნახევრით ადრე კი, ავასატე იპონით შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა.
ფინალში კი, ლაშას უკვე ელოდა ლუკა მაისურაძე, რომელმაც დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე, მეორე წრიდან დაიწყო და უნგრელი გოზ როლანდი სწორედ, ავასატე იპონით დაამარცხა. უკვე მომდევნო შეხვედრაში, თურქეთის სახელით მოასპარეზე ზგანკს დამაჯერებლად, იპონით სძლია და მეოთხედფინალში, საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, ნიდერლანდების წარმომადგენელს, ვან ტენდს დაუპირისპირდა. აქ, ქართველს დამატებით დროში მოუხდა ბრძოლა და საბოლოოდ, მეტოქე ჰანსოკუ-მაკეთი დაამარაცხა. ფინალამდე, ბოლო, 1/2 ფინალური ბრძოლა, მაისურაძეს იტალიელ კრისტიან პარლატისთან მოუხდა. ქართველმა ვაზარი, ბრძოლის დაწყებიდან მესამე წუთზე აიღო და საბოლოოდ, მისი წყალობით ფინალშიც მოხვდა.
რაც შეეხება ფინალს, ის ძალზედ დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. ალბათ, ერთადერთი, როდესაც ქართველი ქომაგი, ალბათ, გულის სიღრმეში, რომელიმე ჯუდოკას კი ქომაგობდა, თუმცა, საბოლოოდ ორივეს გამარჯვება გაუხარდებოდა. სანახაობამ, 6 წუთი და 12 წამი გასტანა და ლუკა მაისურაძის ვაზარით დასრულდა.
ქართველებმა დოჰაში ისტორიის წერა გააგრძელეს - ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისფინალში, პირველად ორი ქართველი დაუპირისპირდა ერთმანეთს. პირველად, ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართველმა ჯუდოკებმა უკვე აიღეს ორი ოქრო და კიდევ გვაქვს სხვა ოქროს იმედი. პირველად, ქართველთაგან, დამოუკიდებლობის ხანაში, ტატო გრიგალაშვილი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. და ბოლოს, ქართველები, ზედიზედ მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატია ოქროს მედალის მოგებას ახერხებენ.
ხვალ, დოჰაში საქმეში -100 კგ წონით კატეგორია ჩაერთვება და ტატამზე ქართული ძიუდოს ერთ-ერთი მომავალი, ილია სულამანიძე და ლეგენდა, ვარლამ ლიპარტელიანი ჩაერთვებიან. კიდევ ერთი დღის, შემდეგ, კი, საქმეში მძიმეწონოსნები +100 კგ-ში გურამ თუშიშვილი და +78 კგ-ში სოფიო სომხიშვილი იასპარეზებენ. და ბოლოს, აქვე გეტყვით, რომ 14 მაისს, უკვე გუნდური მედლების დროც დადგება.
ფოტო: © IJF / Gabriela Sabau / თამუნა ყულუმბეგაშვილი