ბელგიელ მატიას კასეს დღეს, დოჰაში, დეჟავიუ ჰქონდა. მსოფლიოს ჩემპიონატზე -81 კგ წონით კატეგორიაში მას ზედიზედ მესამედ ჩვენი ტატო გრიგალაშვილის წინაშე მოუხდა ბრძოლა. ალბათ, გახსოვთ, რომ 2021 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა ტატოს, სწორედ, კასემ მოუგო, თუმცა, მეორე წელია ზედიზედ, გრიგალაშვილი კასეს, რაც უნახავს, აღარ ანახებს... ქართველმა, დოჰას ტატამზე ჩატარებული ფინალი საკმაოდ მსუბუქად და ტაქტიკურად იჭიდავა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა. წითელი არშია, ტატოს ზურგზე, ახლა, მინიმუმ კიდევ, ერთი წელი იქნება.
ამას გარდა, ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილმა საკმაოდ მსუბუქად იასპარეზა მთლიანად ჩემპიონატზე, რომელიც ძირითადი ბადეს A ჯგუფში, მეორე წრიდან დაიწყო და მაროკოს წარმომადგენელს, აშრაფ მაუთი დაამარცხა. სამ წუთნახევარი ქართველი, მეტოქეს „კატა-თაგვობანას" ეთამაშა და მერე იპონზე დააგო.
შედარებით გაუგრძელდა ტატოს მომდევნო შეხვედრა, ტაჯიკ შოდმონ რიზოევთან, რომელმაც ტატოსთან დაპირისპირებამდე, პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძე გამოთიშა ასპარეზობას. საბოლოოდ კი, ტატომ ჰანსოკუ მაკეთი, შეხვედრის მე-11 წუთზე მიაღწია შედეგს და ჯგუფიდან გასასვლელად, ავსტრიის წარმომადგენელს ვაჰიდ ბორჩაშვილს შეხვდა. აქ, ჩვენს ჯუდოკას „გოლდენ სქორი" დასჭირდა, თუმცა, სასურველი ვაზარის აღება მოახერხა და დაღლილი, თუმცა, შემართული, 1/2 ფინალისთვის მოემზადა.
ნახევარფინალში, ტატომ 34 წამში, იპონით კორეელი ჯონჰვან ლიი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კარგად ნაცნობი მატიას კასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ კასეს, ალბათ, დიდი სურვილი ჰქონდა ტიტული დაებრუნებინა, ამის საშუალება მას, ტატომ არ მისცა. დოჰაში, სასტარტო შეხვედრის მსგავსად, აქაც კასეს, „თამაშში" აჰყვა, მთელი დაპირისპირება აკონტროლა და 15 წამით ადრე ორთაბრძოლის დასრულებამდე, საჭირო ვაზარიც აიღო, შემდეგ, კი შეხვედრა ტაქტიკურად დაასრულა.
ტატოს ოქრო, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმაღლესი ხარისხის პირველი და იმედს ვიტოვებთ, რომ არა ბოლო მედალია. ქართულ ყულაბაში კი ის, ჯერ მხოლოდ მეორეა, გიორგი სარდალაშვილის სადებიუტო ბრინჯაოს შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დაწყებიდან, დოჰას ტატამზე ქართული გუნდის კიდევ ოთხმა წარმომადგენელმა იასპარეზა. ორმა ვაჟმა და ორმა გოგონამ. ეთერ ლიპარტელიანი და ეთერ ასკილაშვილი ასპარეზობას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ. ისევე, როგორც ყველასთვის მოულოდნელად, ლაშა შავდათუაშვილი. აი, ვაჟა მარგველაშვილს კი, დოჰას ბრინჯაომდე ცოტა დააკლდა.
ხვალ, ასპარეზობაში ქართული გუნდიდან ორი ჯუდოკა ჩაებმება. -90კგ-ში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაზე ჩაერთვებიან.
ფოტო: ©IJF / Sabau Gabriela