„კვარა“ ჩემპიონია, „სლოვანი“ 13 მაისს გაიფორმებს... დანარჩენები გოლებს იტანენ...
„კვარა“ ჩემპიონია, „სლოვანი“ 13 მაისს გაიფორმებს... დანარჩენები გოლებს იტანენ...
09.05.2023
ავტორი: სფფ / დიმა ნებიერიძე

სანაკრებო ფანჯრამდე სულ ცოტა და ცოტა დრო რჩება. საქართველოს ეროვნული ნაკრების პოტენციური წევრები კი, მიუხედავად იმისა, რომ სეზონების „ფინიშზე" არიან, სვლას არ ანელებენ. განვლილი ტურიც საკლუბო ჩემპიონატებში, ქართველთა აქტიურობით გამოირჩა. ქართველი ქომაგების ყურადღება განსაკუთრებით სერია A-სა და დიეგო არმანდოსაკენ იყო მიმართული, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას უკვე ჩემპიონი გუნდი „ნაპოლი", „ფიორენტინას" შეხვდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა. ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი სწორედ, „კვარას" გამომუშავებულ 11-მეტრიანს მოჰყვა.

სერია A-ში კიდევ ერთი ქართველის გუნდმა  „კრემონეზემ" საკუთარ მოედანზე „სპეცია" 2-0 დაამარცხა, ლუკა ლოჩოშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.


ბრატისლავის „სლოვანმა" სტუმრად უშუალო კონკურენტი „სტრედა" საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში  2-3 დაამარცხა და ჩემპიონობასთან უკვე ერთ ნაბიჯშია. ვლადიმირ ვაისის გუნდის წევრმა სამივე ქართველმა ჯაბა კანკავამ, გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს.  „ჩაკვეს" ანგარიშზე საგოლე გადაცემაა. დიდ ალბათობით, ქართველებით დაკომპლექტებული სლოვაკური გუნდი, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვან დღეს, 13 მაისს ოფიციალურად გაიფორმებს ჩემპიონობას.


საფრანგეთში, ქართველები საკუთარ სახელებს, ადგილობრივ ქომაგებს კარგად ამახსოვრებინებენ. „ბორდომ",  „კანს" 1-0 მოუგო და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა. ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი ამ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა შეხვედრის სტარტზევე, მე-16 წუთზე გაიტანა.


„მეცმა" სტუმრად „ნიორი" 1-3 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძე კვლავ და უკვე ტრადიციულად გამორჩეული იყო. ჟორჟიმ მეტოქის კარი ორჯერ (45', 83') აიღო და ბომბარდირთა დავას კვლავ, ის ლიდერობს.


კვიპროსის ჩემპიონატში, რომლის ნაკრებსაც ივნისის სანაკრებო ფანჯრის დროს პირველად უნდა დაუპირისპირდეს ვილი სანიოლის გუნდი, დასასრულს უახლოვდება. „აპოელი" სტუმრად „პაფოსს" დაუზავდა, 1-1. სტუმართაგან ერთადერთი გოლი ლაშა დვალმა თავური დარტყმით გაიტანა. სრული შეხვედრა ჩაატარა გიორგი ქვილითაიამაც.


აზერბაიჯანის ჩემპიონატში „საბაჰმა" სტუმრად „ქაფაზი" დაამარცხა 0-1. სტუმართაგან ერთად-ერთი გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა.


სამხრეთ კორეის ჩემპიონატში, მორიგი მატჩი მოიგო „ულსან ჰიუნდაიმ" და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. სტუმრად 0-3 მოგებულ მატჩში, ერთი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.