ქალთა ეროვნულის კალენდარი ცნობილია
ქალთა ეროვნულის კალენდარი ცნობილია
05.05.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები სავარაუდოდ უახლოეს ხანში შეიკრიბება. ამ ეტაპზე უცნობია, გამართავს თუ არა გუნდი, რაიმე სახის სპარინგს, თუმცა, ნათელია, რომ ქალთა ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელს ირის ანტმანს, გოგონების გაცნობა უნდა. ამ ეტაპზე ასევე უცნობია, გაატარებს თუ არა ქალთა ეროვნულის ახალი მთავარი მწვრთნელი რაიმე კონკრეტულ ცვლილებებს გუნდში. თუმცა, ცნობილია, რომ ებრაელი სპეციალისტი, ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ასაკობრივი ნაკრებების თამაშებს ესწრება და აკვირდება.


მანამდე კი, ცნობილი ხდება, თუ როდის გამართავს ეროვნული ნაკრები პირველ ოფიციალურ შეხვედრას. მოგეხსენებათ, 2 მაისს, ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ, ჩვენი ქალთა ნაკრები უეფა-ს ახალ ტურნირზე, ქალთა ლიგაზე, ყველაზე დაბალი C ჯგუფიდან დაიწყებს ასპარეზობას. C2 ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები, თურქეთის, ლუქსემბურგისა და ლიეტუვას ქალთა ეროვნული ნაკრებები იქნებიან.


სადებიუტო შეხვედრას, ახალ ტურნირზე საქართველოს ნაკრები სახლში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, შესაბამისად, შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრასაც ანტმანის გოგონები კვლავ თურქებთან, მხოლოდ გასვლაზე 5 დეკემბერს ჩაატარებენ.


საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის თამაშებს სექტემბრიდან დაიწყებს.


22 სექტემბერი / საქართველო - თურქეთი

26 სექტემბერი / ლუქსემბურგი - საქართველო

27 ოქტომბერი / ლიეტუვა - საქართველო

31 ოქტომბერი / საქართველო - ლიეტუვა

1 დეკემბერი / საქართველო - ლუქსემბურგი

5 დეკემბერი / თურქეთი - საქართველო


შეგახსენებთ, რომ C დივიზიონიდან, სადაც საერთო ჯამში 5 ჯგუფია, 5 გუნდი ავტომატურად ერთი დივიზიონით B დივიზიონში დაწინაურდება. 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი კი, B დივიზიონის 3 უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანს ე.წ. ფლეი-ოფის მატჩებში დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში მათ გაუცვლის ადგილს.


სტატიაში გამოგენებული სფფ-ს ფოტო