დღეს, უეფაში ქალთა ფეხბურთში ახალმა ტურნირმა, ქალთა შორის ერთა ლიგის გათამაშებამ პირველად ისტორიაში, სამ A, B და C დივიზიონში, ჯგუფები დააკომპლექტა. ისევე, როგორც მამაკაცთა გათამაშებაში, აქაც მოქმედებს, ლიგებში დაწინაურების და პირიქით, დაქვეითების შანსი. ისევე, როგორც წლების წინ, საქართველოს ვაჟთა ნაკრები, ამჯერად ქალები რთულ გზას ცვლილებებისკენ, თან ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით C დივიზიონიდან დაიწყებენ, სადაც დღევანდელმა წილისყრამ თურქეთის, ლუქსემბურგისა და ლიეტუვას ნაკრებები გვარგუნა მეტოქეებად.
„სიმართლე გითხრა, თურქეთი არ მინდოდა ჩვენს ჯგუფში მოხვედრილოყო. ეროვნული ჩემპიონატი ბევრად მაღალ დონეზე ტარდება ვიდრე ჩვენთან. ამასთან ჰყავს ძალიან ბევრი ლეგიონერი, რომლებიც აშშ-სა და გერმანიის ჩემპიონატებში თამაშობენ. საკმაოდ კარგი ნაკრებია და ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტია. ლუქსემბურგთან, თამაშის გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა, მათ წინააღმდეგ, შეიძლება თამაში და მოგება შესაძლებელია. ლიეტუვასთან, ეროვნულ ნაკრებს, ერთი შეხვედრა გვაქვს გამართული და 4-3 გვაქვს მოგებული ეს შეხვედრა. ვფიქრობ, იმედის მომცემი ჯგუფია. გასვლა შეიძლება, მთავარია, ჩვენ ვიყოთ ფორმაში და ფსიქოლოგიურად მობილიზებულები, რადგან ეს ჯგუფი გადასალახია", - ამბობს ჩვენთან საუბარში ნინო პასიკაშვილი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მოთამაშე.
გათამაშების დეტალური კალენდარი უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება, მანამდე კი, ცნობილია, რომ გათამაშება სტარტს 2023 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. 5 ჯგუფის, სწორედ ეს რაოდენობაა იმ დივიზიონში სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, გამარჯვებულები, ავტომატურად ერთი ლიგით ზევით აინაცვლებენ. 3 საუკეთესო შედეგის მქონე მეორე ადგილოსანი კი, B ლიგაში, მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სამი უარესი შედეგის მქონე გუნდს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში დივიზიონით დაწინაურდება.
ამ მომენტისთვის უეფა გათამაშების სავარაუდო ვადებს ასახელებს:
მატჩის დღე 1-2 / 20-26 სექტემბერი
მატჩის დღე 3-4 / 25-31 ოქტომბერი
მატჩის დღე 5-6 ნოემბერი / 29 ნოემბერი - 5 დეკემბერი
ფინალური ეტაპი: 2024 წლის 21 -28 თებერვალი
გადასასვლელი ფლეი-ოფები: 2024 წლის 21 -28 თებერვალი
აქვე გეტყვით, რომ ისევე, როგორც მამაკაცთა გათამაშების ფორმატში, აქაც შეხვედრები სახლი-გასვლის სისტემით ჩატარდება.
უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის გათამაშებაში საერთო ჯამში 51 ნაკრები გუნდი მონაწილეობს. გათამაშების გამარჯვებულები 2024 წლის გაზაფხულზე გამოვლინდებიან, როდესაც A დივიზიონის 4 ჯგუფის საუკეთესო გუნდები ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით დაუპირისპირდებიან.
სტატიაში გამოყენებულია ფოტო: @Kristian Skeie - UEFA/UEFA via Getty Images