სფფ ქალთა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფს
სფფ ქალთა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფს
01.05.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სადაზღვევო კომპანია პრაიმს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობა ქალთა საფეხბურთო კლუბებში მოთამაშე 420 ფეხბურთელი გოგონას სპორტულ სამედიცინო დაზღვევას მოიცავს.


სფფ-სა და სადაზღვევო კომპანია პრაიმს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე სეზონიდან შევიდა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად უზრუნველყოფს ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას.


დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქალთა ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს ამ მიმართულებით ჩვენი გუნდი წლებია აქტიურად მუშაობს და მიხარია, რომ წლიდან წლამდე, იზრდება ფეხბურთით დაინტერესებული გოგონათა რაოდენობა.


წლების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას ლიგაში მოთამაშე გოგონათა ჯანმრთელობის დაზღვევა წარმოადგენდა. მოგეხსენებათ, რომ სპორტული დაზღვევა სპეციფიურია. ამიტომ, გოგონებისთვის აღნიშნული სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომი არ იყო.


საბედნიროდ, უკვე გვყავს პარტნიორი, პრაიმ დაზღვევის სახით, რომელმაც სურვილი გამოთქვა ჩვენთან ერთად ჩართულიყო ქალთა ფეხბურთის განვითარებაში და შესაძლებლობა მოგვცა სპორტული სადაზღვევო პაკეტი. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს ქალთა ფეხბურთის მეტად განვითარებას და გაზრდის ჩართული გოგონების რიცხვს"