უკრაინა, IJF-ის აღმასკომის მიერ 29 აპრილს მიღებულ რეზოლუციას (იხილეთ დეტალურად), აპროტესტებს. იმ შემთხვევაში, თუკი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, დოჰაში, 2023 წლის 7-14 მაისს დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე დაუშვებს რუს და ბელარუს სპორტსმენებს, ისნი მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტს გამოუცხადებენ.
პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ყველაზე წონად და მნიშვნელოვან სარეიტინგო ტურნირზე, რუსი და ბელორუსი სპორტსმენების დაშვების რეზოლუციისადმი ბოიკოტის შესახებ პირველად უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლით, უკრაინის ჯუდოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვიტალი დუბროვმა განაცხადა და დასძინა, რომ ამ პოზიციას ისინი ბოლომდე მიჰყვებიან.
განაცხადში, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში ამ დროისთვის არის გაკეთებული, საერთო ჯამში 20 რუსი და ბელარუსი ეროვნების ათლეტია შეყვანილი. მათგან ხუთი, რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბს წარმოადგენს. ხუთიდან ოთხი, ერთი წლის წინ უფროსი სერჟანტის წოდებით იყვნენ მოხსენიებული, თუმცა, მათი დღევანდელი სტატუსის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
ერთი საინტერსო დეტალი, მაშინ როდესაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირებზე დაეშვათ, ხაზი გაუსვა გარემოებას, რომლის თანახმადაც, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, შეჯიბრებზე დაეშვათ ის სპორტსმენები, ვისაც საომარ მოქმედებებში არ ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული და არ ირიცხებოდნენ, რომელიმე სახის ძალოვან სტრუქტურაში. ამ ეტაპზე უცნობია, გაითვალისწინა თუ არა ეს რეკომენდაცია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ.
„მიმაჩნია, რომ ტერორისტი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი სპორტსმენების დაშვება საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვებელია. ისინი, ყოველდღე ხოცავენ უკრაინელებს" , - წერს პირად ინსტაგრამ გვერდზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დარია ბილოდიდი.
აქვე, შეგახსენებთ, რომ უკრაინამ 2022 წელს მონღოლეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, გააპროტესტა რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენების მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაშინ, IJF-მა უკრაინელების პროტესტი გაიზიარა და 2022 წლის ბოლომდე, რუსები და ბელარუსები 2022 წლის ბოლომდე IJF-ის ეგიდით დაგეგმილი ტურნირებიდან გარიცხა. შესაბამისად, თუკი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, არ შეცვლის რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, დოჰა იქნება, პირველი შეჯიბრი რუსებისა და ბელარუსებისთვის, ამ აკრძალვის შემდეგ.
ჯერ-ჯერობით უცნობია აუბამენ თუ არა უკრაინას მხარს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მანამდე კი, რუსეთის მთავარი სპორტული უწყება, აქეთ „აწვება" საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებას და TACC-ის სახელით ავრცელებს განცხადებას სადაც რუსეთის, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით ასპარეზობას, დისკრიმინაციად მიიჩნევს.
დოჰაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე ამ მომენტისთვის, IJF-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 99 ქვეყნის 670 ჯუდოკა არის დარეგისტრირებული. მონაწილეთა შორისაა საქართველო, რომელი 12 სპორტსმენით, 3 გოგონათი და 9 ვაჟით არის დარეგისტრირებული. რეგისტრაცია გავლილ ქვეყნებს შორის ამ ეტაპზე არ არის უკრაინა. თუმცა დამოუკიდებელი სპორტსმენების ჩამონათვალში არიან რუსეთის წარმომადგენლები.