საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. გამომდინარე იქიდან, რომ ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შანსი ქართველმა ხელბურთელებმა რამდენიმე დღის წინ, თბილისში გამართულ შეხვედრაში, გაანიავეს, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ჯგუფურ თამაშზე ჩვენი „ბედი" მხოლოდ, ჩვენ არ გვეკუთვნოდა და სხვა თამაშების შედეგებზეც ვიყავით დამოკიდებულნი. უკვე, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საასპარეზო დღის მიწურულს ნათელი გახდა, რომ ყველაზე მეტად, საქართველოს ნაკრების ბედი, 1 ჯგუფში ჩრდ. მაკედონიისა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირებაზე იყო, რომ „ჩამოკიდული". იქ კი, თურქები თითქმის მთელი თამაში იგებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, სამი ბურთით 30-27 დამარცხდნენ.
თითქმის, მთელი თამაში, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა, ანგარიშში საშუალოდ 2 ბურთით ყოფილიყო წინ. პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთის „ტატაბანია" კომპლექსში, მასპინძლებს სამბურთიანი სხვაობით 14-17 უგებს კიდეც. უნგრელები, მიუხედავად იმისა, რომ ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული ჰქონდათ და საქართველოსთან მატჩშიც, რამდენიმე წამყვანის მოთამაშის გარეშე თამაშობდნენ, დანებებას არ აპირებდნენ და შეხვედრის მიწურულს, ვითარება სათავისოდაც გადაწონეს. ჯერ გაგვითანაბრეს, 24-24. შემდეგ კი 2-ბურთიანი გაქცევაც მოაწყეს. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა, შეხვედრის ბოლო წუთებზე მოახერხა თამაშის კიდევ ერთხელ გარდატეხა. შეხვედრის დასრულებამდე 1:14 წუთით ადრე, საქართველოს ნაკრები ანგარიშის გათანაბრებას ახერხებს, 30-30. მატჩის დასრულებამდე 28 წამით ადრე კი, ბურთს ზურაბ ცინცაძე იგერიებს, რომელსაც ამ დღეს საერთო ჯამში 12 „სეივი" ჰქონდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს გუნდში.
ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს უკვე ჰქონდა ინფორმაცია სხვა მატჩებიდან, შესაბამისად, სამწვრთნელო შტაბიდან გუნდს დავალებად, ბურთის ბოლომდე შენარჩუნება და ბოლო შანსის გამოყენება ჰქონდა. თუმცა, ჩვენებს ხელს, ფრეც აძლევდა. შანსი, საქართველოს ნაკრებს, ბოლო წამზე, მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტის სახით მიეცა, რომელიც გიორგი ცხოვრებაძემ ცივად და აუღელვებლად შეასრულა, ამით კი, საქართველოს ნაკრები, პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა 30-31 მოიგო.
საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დღევანდელი სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია: ზურაბ ცინცაძე (12 სეივი), გიორგი ლაპიაშვილი (1), ხაზეინ რუსტამოვი (1), ირაკლი კბილაშვილი (4), გიორგი ცხოვრებაძე (8), თემო ორჯონიკიძე (7), ერეკლე არსენაშვილი (4), მირიან გავაშელიშვილი (2), გიორგი დიხამინჯია (4), ირაკლი გოგოლაძე, სანდრო დარსანია, ზურაბ გოგავა, ნიკოლოზ კალანდაძე, ზურაბ აბრამიშვილი, დავით ნიქაბაძე, ზურაბ სიმონია
საქართველოს ნაკრები იმ 24 ქვეყანის გუნდს შეუერთდა, რომელიც 2024 წლის 10-28 იანვრის ჩათვლით გერმანიის ოთხ ქალაქში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. თუ ვინ ეყოლება ქართველთა გუნდს ფინალური ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად, სულ მალე, 10 მაისს დუსელდორფში გამართულ წილისყრისას გაირკვევა. ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება კი, შემდეგ გუნდებს აქვთ მოპოვებული: ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ფარერის კუნძულები, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდ, მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ფოტო: @HHF/Kovacs Aniko