საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიაში იასპარეზეს. ოკინავაში, ჩვენს გუნდს F ჯგუფში სლოვენიის, კაბუ ვერდეს და ვენესუელა ნაკრებებთან ერთად მოუწევს საუკეთესოს გარკვევა, გათამაშების მომდევნი ეტაპზე გასასვლელად.
წილისყრის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც ილიას ზუროსი ჯგუფსა და მომავალ მოწინააღმდეგეებს აფასებს:
„შესარჩევი ეტაპის დასრულებისასაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ - საქართველოს ნაკრებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი გუნდი ხომ ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოზე. უნდა ვეცადოთ, რომ სიამოვნება მივიღოთ ყოველი წამით, რომელსაც ამ ტურნირზე გავატარებთ. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ნაკრების თამაშებით ყველა ქართველმა იამაყოს.
დღეს მეტოქეების გაანალიზება რთული საქმეა. თუმცა სლოვენიას ყველა კარგად იცნობს. ძალიან ძლიერი გუნდია ლუკა დონჩიჩითა და სხვა ვარსკვლავებით. რაც შეეხება ვენესუელასა და კაბო ვერდეს, ორი რთული მატჩი გველის. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყველა გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ძლიერი და ბრძოლისუნარიანია.
კაბო ვერდეს ჰყავს ედი ტავარეში, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წინახაზელი, რომელიც მადრიდის „რეალის" ღირსებას იცავს. კაბოვერდელთა ნაკრებში სხვა კარგი კალათბურთელებიც თამაშობენ.
ვენესუელა სწრაფი და ძლიერი გუნდია. ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძვი. საქართველოს ნაკრები ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ვნახავთ, რას მივაღწევთ ჩვენს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე", - ამბობს ზუროსი.