კოტორას საიუბილეო გამოფენა „მომა“-ში ორ დღეს გასტანს
კოტორას საიუბილეო გამოფენა „მომა“-ში ორ დღეს გასტანს
27.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზოგისთვის „კოტორა", სხვისთვის უფრო შინაურულად „კოტორინიო", ბევრისთვის სანდრო, ყველა ეს სახელი ალექსანდრე კოტორაშვილისაა, რომელიც მათ შორის ჩემი სტატიების გასწვრივ, ჩემს სახელთან ერთად, ხშირად დაბეჭდილა. უფრო ზუსტად, ჩემი სახელი დაბეჭდილა „კოტორას" სახელთან ერთად, რადგან როდესაც მე, სპორტულ ჟურნალისტიკაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ალექსანდრე კოტორაშვილს ქართული და მაშინდელი სსრკ-ს სპორტულ წრეებში კარგად იცნობდნენ...

„მაშინ არ იყო ინტერნეტი კი არა, არ იყო არცერთი მედია, რომელსაც სიმართლის თქმის უფლება  ექნებოდა. ევროპასა და მსოფლიოში მომხდარ სპორტულ ამბებსაც კი, მეორე დღეს გაზეთით ვიგებდით, ისიც დოზირებულად და ცენზურაგავლილს. მაგრამ „ლელოს" სტატიებს, რომელსაც ერთვოდა  „კოტორას" ფოტოშედევრები, ვერანაირი ცენზურა ვერ აკავებდა და ქართული გენის წარმატებები საოცარი კადრებით გვილამაზდებოდა", - ამბობს მიხეილ აბაიშვილი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, TSFF.ge-სთან საუბრისას.


დღეს, „მომა"-ში მოსულმა დამთვალიერებელმა, კიდევ ერთხელ იხილა 80 წლის ფოტოგრაფის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კადრები. უკვე 80 წლის ალექსანდრე კოტორაშვილის საიუბილეო გამოფენაზე მოსული დამთვალიერებლის წინაშე, ფოტოგრაფმა საზოგადოებას სპორტულ ფოტოგრაფიაში მოღვაწეობის 60 წლის ნამუშევრებიდან რჩეული კადრებით აწყობილი წიგნიც დაახვედრა.


„ალექსანდრე კოტორაშვილის მდიდარი შემოქმედებიდან ფოტო-ჟურნალისტიკის ოქროს ფონდში თვალსაჩინო ადგილს უდავოდ დაიმკვიდრებს ფოტოხელოვნების ნიმუშად ქცეული კადრები. ფოტოხელოვნება, როგორც მხატვრული შემოქმედება, სანდრომ გაამდიდრა უნიკალური ნაღვაწით. ამ ნიჭიერი პროფესიონალის ხედვაში,  სპორტი როგორც დოკუმენტური ფოტოხელოვნების ყველაზე ემოციური სფერო, ჭვირნიშნადაა წარმოდგენილი,  რეალობის  ასახვით  შეჩერებული წამი მარადიულობას ანიჭებს ეპოქის მოვლენებს...  „ლელოში"  პირველი ფოტოს გამოქვეყნებიდან ათეული წლების განმავლობაში ისტორიული კადრებით გამდიდრებული სანდრო კოტორაშვილის  ფოტოარქივი ქართული სპორტის მატიანის უნიკალურ საგანძურად იქცა", - წერს წიგნის წინასიტყვაობაში თენგიზ გაჩეჩილაძე, დღეს უკვე, გაზეთ „ლელოს" საპატიო რედაქტორი.


100 გვერდის მოცულობის წიგნი - „ალექსანდრე კოტორაშვილი 80", საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით გამოიცა.