დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები პრინციპულ მატჩში შვეიცარიის ნაკრებთან 19-26 (მატჩის სტატისტიკა) დამარცხდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, ჩვენი გუნდი, მხოლოდ 1-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა, საკუთარ კედლებში 2 და მეტი ბურთით მოგების შემთხვევაში კი, ჩვენები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას გაინაღდებდა. თუმცა, საქართველოს ნაკრები ამ ჯერზე 7 ბურთით დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ბედი, ბოლო ტურამდე გადაავადა.
ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, F ჯგუფის 5-ე ტურის შეხვედრაში სტუმრებმა პირველი მეოთხედი 10-14 მოიგეს და შესაბამისად, შეხვედრის ბოლომდე, უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს. მატჩში ანგარიში ქართველმა ხელბურთელებმა გახსნეს და დროის გარკვეული ნაწილი მოახერხეს კიდეც, ანგარიში წინ ყოფილიყვნენ. თუმცა, სტუმრებმა 6-5-ზე გაგვითანაბრეს, წინ გავიდნენ და ნელ-ნელა უპირატესობა გაზარდეს. მეორე ტაიმში, რეალურად ანგარიშში მიახლოების საშუალება არ მოგვცეს და შეხვედრაც მოიგეს. ჩვენი გუნდიდან დღეს გოლები გაიტანეს: ნიკოლოზ კალანდაძე (6 გოლი), გიორგი ცხოვრებაძე (4), ერეკლე არსენაშვილი (4), ხაზეინ რუსტამოვი (2), ირაკლი კბილაშვილი (2), გიორგი დიხამინჯია (1).
ბოლო ტურს, საქართველოს ნაკრები 30 აპრილს, უნგრეთში გამართავს. ტატაბანიაში დასრულებული მატჩის შედეგის მიუხედავად, თუკი ჩვენი ნაკრები გამარჯვებას მოიპოვებს, ფინალური ეტაპის საგზურის ბედი, მე-5 და მე-6 ტურებში, სხვა ჯგუფებში დასრულებული შეხვედრების შედეგებზეც იქნება დამოკიდებული. ვინაიდან, ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდების გარდა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება 4 საუკეთესო მესამეადგილოსანსაც აქვს.
ხელბურთის ფედერაციის ფოტო