იტალიურ სერია A-ში, „კვარას" „ნაპოლი" 17 ქულით უსწრებს სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს", თეორიულად უკვე ჩემპიონობაც შეუძლია იზეიმოს, რადგან რთული წარმოსადგენია, რომ დარჩენილ 7 ტურში ნეაპოლიტანელებმა ისე გაანიავონ ეს უპირატესობა, რომ საპასუხოდ 4 ქულაც ვერ აიღონ. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპულ მეტოქესთან, „იუვენსტუსთან" ხვიჩა კვარაცხელიას გვარის ირგვლივ არც საგოლე გადაცემაა და არც გოლი, განვლილი კვირა ქართული ლეგიონისთვის, მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიამ" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო. ღამურებმა სტუმრად „ელჩე" 0-2 დაამარცხეს, გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მეგოლე გიორგი მიქაუტაძემ „მეცთან" ერთად სტუმრად ამჯერად, „სენტ ეტიენი" დაამარცხა, ქართველმა მეტოქის კარი ორჯერ აიღო. საშინაო შეხვედრა მოიგო „ბორდომაც". აგარიშით 3-0 დასრულებულ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა „გრენობლის" კარში შეხვედრის მეორე გოლი გაიტანა.
სამხრეთ კორეის ჩემპიონატში „ულსან ჰიუნდაიმ" საშინაო შეხვედრა ფრედ დაასრულა, მასპინძლებს ქულა ვაკო ყაზაიშვილმა გადაურჩინა და მეტოქის კარი ლამაზი დარტყმით აიღო.
ქართველების „სლოვანმა" მორიგი გამარჯვება იზეიმა, ვლადიმირ ვაისის გუნდმა სტუმრად „ჟილინა" 2-4 დაამარცხა. გოლები ვერა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძემ და გურამ კაშიამ, ამ შეხცედრაში თითო საგოლე გადაცემა შეასრულეს.
და ბოლოს, ჩვენს მეზობლად, თურქეთში, ლიდერთან შეხვედრაში ქულა მოიპოვა „ქარაგუმრუქმა". შეხვედრა, „გალათასარაისთან" ფრედ 3-3 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ საბა ლობჟანიძის, ამჯერად „გალას" კარში გოლი ვერ გაიტანა, ქართველის ანგარიშზე შედეგიანი გადაცემაა.