„სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“, უეფა-ს ეკოლოგიური კამპანია, რომელსაც საქართველოც შეუერთდება
„სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი“, უეფა-ს ეკოლოგიური კამპანია, რომელსაც საქართველოც შეუერთდება
24.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი", ამ სახელწოდებით უეფა, 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც დაახლოებით 2 თვეში საქართველოსა და რუმინეთში აიღებს სტარტს ახალი კამპანია ჩატარდება. ევროპული ფეხბურთის მთავარ სახლში, საფეხბურთო პერიპეტიების პარალელურად არ ივიწყებენ გლობალურსაც და ამჯერად, სწორედ, ჰაერის დაბინძურების საშიშროებაზე და მავნე ზემოქმედებაზე შეეცდებიან საზოგადოება დააფიქრონ.

„ეს პლანეტა ჩვენ არ გვერგება მემკვიდრეობით. ჩვენ, ვსესხულობთ მას ჩვენი შვილებისგან. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა მისი საუკეთესო მდგომარეობაში დატოვება. ამ მხრივ, მეტი უნდა გავაკეთოთ, ვინაიდან, ჰაერის დაბინძურების კვლევების დასკვნები საგანგაშოა. ჩვენ გამოვიყენებთ ფეხბურთის ძლიერ ხმას ამ პრობლემის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და შემოგთავაზებთ კრეატიულ და სახალისო გადაწყვეტილებებს, რათა მოვახდინოთ ცვლილებები", - ამბობს უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინი.


კამპანიის ფარგლებში, ეროვნული ასოციაციები, მოთამაშეები, გულშემატკივარი, მოხალისეები თუ პერსონალი - ყველა დაინტერესებულ მხარე უნდა ჩაერთოს ეკოლოგიურად შეგნებული პრაქტიკის დანერგვაში. მათთან ერთად, კამპანიაში უნდა ჩაერთონ ტურნირის მასპინძელი ქალაქებიც, შესაბამისად თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. თუ რა სახით მოხდება, ეს „ჩართვა" და უეფა-ს გზავნილის მოტანა ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ქართულ ქალაქებზე ეს ალბათ, ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა. თუმცა, მთავარია, რომ ყურადღება ნარჩენების მართვაზე, საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავებაზე და მატჩების სანახავად მგზავრებისთვის ეკოლოგიური ტრანსპორტის უპირატესობაზე უნდა გამახვილდეს.


„მოვუწოდებ ყველას, ვისაც ფეხბურთი გულით უყვარს, შეუერთდეს ჩვენს კამპანიას „სუფთა ჰაერი, უკეთესი ფეხბურთი. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოსა და რუმინეთის მაცხოვრებლებს. გარემოს დაცვა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება გლობალური მიზანია, რომელსაც ჩვენ მხოლოდ გუნდურად მივაღწევთ. საბოლოო ჯამში, გადამწყვეტია არა ჩვენი უნარები და ნიჭი, არამედ ჩვენი არჩევანი და ქმედებები", - ამბობს ჩეფერინი.


უეფა-ს კამპანიამ მოიპოვა ევროკომისიის მხარდაჭერა. კერძოდ, გარემოს დაცვის კამპანიას დადებითად გამოეხმაურნენ ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი და ევროკომისარი ვირგინიუს სინკევიჩიუსი. რაც შეეხება თავად ინიციატივას, ყველაფერი 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც ალექსანდერ ჩეფერინმა ხელი მოაწერა ევროპული კლიმატის პაქტს, სადაც მან უეფას სახელით პირობა დადო, რომ გამოიყენებს ფეხბურთის გლობალურ შესაძლებლობებს კლიმატის კრიზისის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. გასულ წელს უეფა-მ ასევე აიღო პასუხისმგებლობა 2030 წლისთვის ნახშირბადის წმინდა ემისიების 50 პროცენტით შემცირების, 2040 წლისთვის კი, ნულოვან ნიშნულამდე დაყვანის თაობაზე.


2020 წლის დეკემბერში ალექსანდერ ჩეფერინმა ხელი მოაწერა ევროპული კლიმატის პაქტს, სადაც მან უეფას სახელით პირობა დადო, რომ გამოიყენებს ფეხბურთის გლობალურ შესაძლებლობებს კლიმატის კრიზისის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. გასულ წელს უეფამ ასევე აიღო პასუხისმგებლობა 2030 წლისთვის ნახშირბადის წმინდა ემისიების 50 პროცენტით შემცირების, 2040 წლისთვის კი ნულოვან ნიშნულამდე დაყვანის თაობაზე.

 


Cleaner Air, Better Game

 


ფოტო:  ©UEFA/Matjaž Krivic