შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო, ვირტუსმა სერია A-ში ზედიზედ მესამედ მოიგო
შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო, ვირტუსმა სერია A-ში ზედიზედ მესამედ მოიგო
24.04.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება იტალიის სერია A-ში, რომელიც მისი გუნდისთვის ზედიზედ მე-3 იყო. ვირტუს ბოლონიამ მორიგ ტურში სასარის უმასპინძლა და დამაჯერებლად, 86-69 დაამარცხა. 

შენგელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 21 წუთი ითამაშა. 31 წლის კალათბურთელი თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. თორნიკემ 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მას პერიმეტრიდან ბურთი არ უსვრია, მაგრამ 9-დან 6 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას +/- მაჩვენებელი +8 ჰქონდა.


შეხვედრის პირველი მეოთხედი ბოლონიელებმა კარგად დაიწყეს და 10 ქულით იგებდნენ. მეორე პერიოდში სასარი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და 1 ქულით წინ გასვლაც მოახერხა. ვირტუსმა კომფორტული უპირატესობის მოპოვება მალევე შეძლო და ბოლო მეოთხედამდე მეტოქეს 10 ქულით გაექცა. ბოლო პერიოდში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და ბოლონიამ სერია A-ში ზედიზედ მესამე მოგება გაიფორმა. ქართველ კალათბურთელს შედეგიანობის მხრივ მხოლოდ სასარის მოთამაშემ, ეიმანტას ბენძიუსმა აჯობა, რომელსაც 19 ქულა ჰქონდა.


28 მატჩიდან ვირტუსს 22 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ბოლონიელები შემდეგ მატჩს 30 აპრილს ტრევიზოს წინააღმდეგ გამართავენ.