ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ზაგრების ევროპის ჩემპიონატი ჯონი ხეცურიანის ვერცხლის მედლით დაასრულა.
20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ჯონი ხეცურიანი (67 კგ) შეჯიბრს მერვედფინალიდან შეუდგა. 5-2 დაამარცხა იტალიის წარმომადგენელი ზაურ კაბალოევი, შემდეგ უკრაინელ პარვიზ ნასაიბოვს მოუგო 8-2. ნახევარფინალში იოლი გამარჯვება მოიპოვა რუმინელ მიჰაი რადუ მიუტთან - 10-1, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში 2-3 დამარცხდა აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვთან და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. საგულისხმოა, რომ ეს ვერცხლის მედალი ხეცურიანისთვის პირველი მნიშვნელოვანი შედეგია უფროსებში.
ერთი დღით ადრე ევრპის ჩემპიონობა იზეიმა ლერი აბულაძემ (63 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), ლაშა გობაძემ (87 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ).