საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის ერევნის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე, მოლოდინისამებრ, საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა - ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონობა მეშვიდედ მოიპოვა. წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ქალთა ნაკრების ლიდერს, მსოფლიოს ჩემპიონს და ევროპის ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებულ ანასტასია გოტფრიდსაც, რომელმაც ასევე მედლები დაისაკუთრა.
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს ექვსგზის და ასევე ექვსგზის ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მნიშვნელოვანი უპირატესობა ატაცში მოიპოვა. 222 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი დაიბევა. ასეთივე სინჯის მედალი ერგო აკვრაში დაძლეული 252 კილოგრამით. ჩემპიონი გახდა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 474 კილოგრამითაც.
ასე რომ, ქართველმა მძიმეწონოსანმა მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატზე ატაცის, აკვრისა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები დაისაკუთრა.
ამავე წონაში იყო წარმოდგენილი ბაქარ თურმანიძე, რომელსაც ორჭიდის ჯამით (392 კგ) მეხუთე შედეგი ჰქონდა.
წარმატებით იასპარეზა ანასტასია გოტფრიდმა(+87 კგ). მან ატაცში 117 კგ დაძლია, რამაც ოქროს მედალი მოუტანა. ვერცხლის მედალი ერგო აკვრაში დამორჩილებული 135 კილოგრამით. ასევე ვერცხლის მედალი დაიმსახურა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 252 კილოგრამითაც.
რამდენიმე დღით ადრე ერევნის ფიცარნაგზე ორჭიდის ჯამში ჩემპიონობა იზეიმა შოთა მიშველიძემ (61 კგ), ვერცხლის მედლები ერგოთ რამინ შამილიშვილს (55 კგ), ირაკლი ჩხეიძეს (102 კგ) და გიორგი ჩხეიძეს (109 კგ), ხოლო აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზაზა ლომთაძემ (109 კგ).