საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგ წარმატებას მიაღწია - ირაკლი ჩხეიძემ ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მედლები მოიპოვა. ორჭიდის ჯამში პრიზიორი გახდა გიორგი ჩხეიძეც, ხოლო ზაზა ლომთაძემ წარმატებას ატაცში მიაღწია.
102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძე სამჯერ ავიდა კვარცხლბეკზე. მომავალმა მედალოსანმა ატაცში 173 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 214 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი დაისაკუთრა, ხოლო ორჭიდის ჯამში ჩხეიძის მონაგარმა 387 კილოგრამი შეადგინა, რამაც მას ვერცხლის მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ აკვრაში ასევე 2014 კილოგრამი დაძლია შემდგომში ორჭიდის ჯამში ოქროს მედლის მფლობელმა მასპინძელმა გარიკ კარაპეტიანმა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ჩხეიძემ სომეხ ძალოსანზე ადრე დაძლია ეს წონა, ოქროს მედალიც მას ერგო.
109 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო გიორგი ჩხეიძემაც.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 173 კილოგრამით მეოთხე შედეგი დააფიქსირა, ასევე მეოთხე ადგილი ერგო აკვრაში, სადაც 208 კილოგრამი დაძლია, აი, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 381 კილოგრამით კი ვერცხლის მედალი ერგო.
ამავე წონაში აკვრაში დამორჩილებული 213 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზაზა ლომთაძემ. ატაცის (163 კგ) და აკვრის ჯამში დაგროვილი 376 კილოგრამით კი მეოთხე იყო ორჭიდში.
რამდენიმე დღით ადრე ერევნის ფიცარნაგზე ჩემპიონობა იზეიმა შოთა მიშველიძემ (61 კგ), რამინ შამილიშვილმა (55 კგ)კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.