ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ლენოვო ტენერიფე ტიტულის დასაცავ გზაზე კიდევ უფრო დაწინაურდა. ტენერიფელებმა მეოთხედფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში "მანრესა" 84-72 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
გუნდებმა საწყის ორ მატჩში მოგებები გაცვალეს. გადამწყვეტი შეხვედრა კუნძულ ტენერიფეზე გაიმართა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და მატჩი ისე მიიყვანეს გამარჯვებამდე, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთითაც არ დაუყენებიათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი გიორგი შერმადინის კარგი თამაშია, რომელიც ამჯერად MVP ვერ გახდა, თუმცა გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო.
შერმადინი სასტარტოში იყო და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 3-დნ 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 15 შეადგინა, საუკეთესო ამ მხრივ ბრუნო ფიტიპალდო გახდა, რომელმაც 22 ქულა მიითვალა.
ოთხთა ფინალში ტენერიფესთან ერთად იერუსალიმის ჰაპოელი, ესპანური უნიკახა და გერმანული ტეპეკომი გავიდნენ. ოთხთა ფინალი 12-13 მაისს გაიმართება.
ვიდეო-კადრები მატჩიდან