გენო ვერცხლი და კიდევ სამი ბრინჯაო
გენო ვერცხლი და კიდევ სამი ბრინჯაო
20.04.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა, შოთა ფარტენაძემ, ავთანდილ კენჭაძემ და მირიან მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე მძიმე წონის უძლიერესი ფალავნების, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორის, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონის გენო პეტრიაშვილის და თურქი ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ცხრაგზის ჩემპიონის ტაჰა აკგულის ფინალური დაპირისპირებით დაგვირგვინდა.


ქართველი მძიმე წონოსანი, შარშანდლის მსგავსად ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. ტიტულიანმა თურქმა მის ტრადიციულ მეტოქეს 9-4 მოუგო და მეათედ გახდა ევროპის ჩემპიონი.


ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად თავიანთი შანსი წარმატებით გამოიყენეს 17-წლამდელებში ევროპის ბრინჯაოს მედალოსანმა შოთა ფარტენაძემ (61 კგ), მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის, ევროპის ჩემპიონატის ორი და ევროპული თამაშების  ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების მესამე ადგილოსანმა მირიან მაისურაძემ (92 კგ).


ფარტენაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელ ტარას მარკოვიჩს 6-5 მოუგო, კენჭაძემ სომეხ ჰრაირ ალიხანიანს 8-0 აჯობა, მაისურაძემ კი უკრაინელი ილია არჩაია 7-2 დაამარცხა.


ერთი დღით ადრე ჩემპიონობა იზეიმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), ედემ ბოლქვაძემ (65 კგ) კი მესამე ადგილი დაიკავა.