უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშების ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. სტამბულისკენ მიმავალ ორ ჩარტერულ თვითმფრინავში „რეალი"-„მანჩესტერ სითისა" და „მილანი"-„ინტერის" წყვილებში გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან. ფინალში, პირობითი მასპინძელი პირველ წყვილში გამარჯვებული გუნდი ჩაითვლება, თუმცა, იქ, სტამბოლში, ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება, რადგან თამაში მაქსიმუმ 120 წუთი და იქაც თუ არაფერი გამოვიდა, ბოლო გაცუდებული 11-მეტრიანით დასრულდება.
გათამაშების ამ ეტაპზე კი, გუნდებმა სამი პენალტი გააფუჭეს. პირველ ორზე დღეს აღარ ვილაპარაკებ, მესამე ერლინგ ჰაალანდის ანგარიშზეა, რომელსაც დემორალიზებული „ბაიერნი", შეხვედრის 37-ე წუთზე შეეძლო საბოლოოდ დაესვა ადგილზე, თუმცა, ნორვეგიელმა პენალტი გააცუდა. ფურცელზე, „ბაიერნმა" მეტოქეს ყველაფერში აჯობა, უეფა-ს ვებ-გვერდზე, მატჩის სტატისტიკაში, წითელ ბარათებშიც კი, მეტობა მასპინძელთა მხარეს იყო (ტუხელი მეორე ტაიმის ბოლოსკენ სათადარიგოთა სკამიდან ტრიბუნაზე აუშვეს). მიუხედავად ამისა, გერმანული კლუბისგან დაჩვეულ, საათის მექანიზმივით აწყობილ თამაშს აკლდა პეწი და ლაზათი, და რაც მთავარია სული. ჰაალანდმა თავისი გოლი მაინც გაიტანა, გაფუჭებული პენალტიდან მე-20 სათამაშო წუთზე, მატჩის მიწურულ, 83-ზე კიმიხმა გაათანაბრა, მაგრამ მეტი „რეკორდმეისტერმა" ვერ მოახერხა. „ბაიერნი" ვერ გახდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ის მეხუთე კლუბი, რომელმაც პირველი დაპირისპირებისას 3 ან მეტი გოლით წაგების შემდეგ, თამაშის შემოტრიალება მოეხერხებინა.
პეპ გუარდიოლა („სითის" მთავარი მწვრთნელი): „რა თქმა უნდა სამი წელი მიყოლებით ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ყოფნა მნიშვნელოვანია. ერლინგის თამაშის ფინალური ნაწილი ძალიან კარგი იყო. ის ახალგაზრდაა. გამოცდილება, რაც ამ ტურნირზე მივიღეთ, მოთამაშეებს დიდად წაადგებათ. ისინი ამას გრძნობენ და მართლა, კარგად უნდათ საქმის კეთება.
ბერნანდო სილვა („სითი"): „გუნდი ახლა უკვე საკმაოდ სტაბილურია და ვგრძნობთ, რომ ყოველ დაპირისპირებაში გვაქვს შანსი. ბავშვობაში, ცდილობა ასეთი მომენტები დააგროვო როგორც ფეხბურთელმა და ჩვენ გვინდა ამით ვისიამოვნოთ.
ტომას ტუხელი („ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი): „ვფიქრობ, „სითის" წამოგება მოვახერხეთ, იმაზე უფრო მეტადაც ვიდრე ეს პირველ შეხვედრაში, მანჩესტერში მოვახერხეთ. თუმცა, აქაც, გასული კვირის მსგავსად არ გვქონდა ის იღბლიანი მომენტები, რომლებიც ვითარებას შემოატრიალებს. გამოსვლით სავსებით კმაყოფილი ვარ".
იოზუა კიმიხი („ბაიერნი"): „დასანანია, რომ ვერ მოვახერხეთ ანგარიშში დაწინაურება, ყველა იმ შანსის გათვალისწინებით, რაც გვგქონდა. მაინტერესებს, როგორ წავიდოდა თამაში, პირველ ტაიმში, ანგარიშში 1-0, რომ დავწინაურებულიყავით".
მოკლედ, ბაბუას, რომ ბებია არ „ჰყოლოდა", როგორც ერთი ქართველი მთამსვლელი იტყოდა, ამ ქვეყანაზე მე არ ვიქნებოდიო. ასე, დღეს, „ბაიერნის" საქმეც, თუმცა პირველ ტაიმში წაყვანილი 1-0-ის გამო არა. მნიშნელოვანი თამაშების წინ, ვინ და ალბათ, სწორედ, მიუნჰენის „ბაიერნის" სათაო ოფისში უნდა ეგრძნოთ, რომ გამართული მექანიზმის „შემოწმებასაც" კი, გარკვეული დრო სჭირდება, არა თუ მცირედი ელემენტის შეცვლას. გერმანელები კი, მიმდინარე არა თუ ლიგის, არამედ, ბუნდესლიგის სეზონშიც არასტაბილურები არიან და ახლა, მთელი კონცენტრაცია ჰმართებთ, რომ ჩემპიონობა მაინც მოიპოვონ.
რაც შეეხება, ბოლო მეოთხედფინალურ წყვილს, აქ, „ინტერმა" და „ბენფიკამ" გაილაღეს. იტალიელებმა მშობლიურ კედლებში, ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს და 85-ე წუთისთვის 3-1 მიჰყავდათ კიდეც. თუმცა, აქ, „ბენფიკამ" კლანჭები გამოაჩინა. 86-ე წუთზე, ერთი ბურთით შეამცირა ანგარიში, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე კი გაათანაბრა კიდეც. შესაბამისად, კაცმა არ იცის, ეს ცოტა ადრე, რომ მომხდარიყო, პორტუგალიური კლუბი სადამდე მივიდოდა. მატჩი ფრედ, 3-3 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში კი, „ინტერმა" 5-3 იმარჯვა.
სიმონე ინძახი („ინტერის" მთავარი მწვრთნელი): „ძალიან ბედნიერი ვარ. „ინტერისთვის' მნიშნელოვანი საღამოა. ჩვენ დიდებული მატჩი ვითამაშეთ მთელი 180 წუთი ტოპ-კლასის გუნდთან, რომელსაც ჩვენთან შეხვედრამდე, 8 თვის განმავლობაში მხოლოდ ორი წაგეა ჰქონდა".
ხოაკი კორეა („ინტერი"): „ბედნიერი ვარ ნახევარფინალში გასვლით, დავიმსახურეთ. გუნდმა ყველაფერი გააკეთა, მაშინაც კი, როცა საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც გვინდოდა. რეალურად ეს ვართ ჩვენ. თუ მოვახერხებთ ასე ვითამაშოთ ყოველთვის, ბევრ კარგ რამეს გავაკეთებთ. წელი, მაღალ ნოტაზე გვინდა დავასრულოთ".
მაღალ ნოტაზე უნდა დასრულება „ინტერისთვის" კარგად ნაცნობ მეტოქტეს „მილანსაც". ასე, რომ ამ 1/2 ფინალურ წყვილში „დელა მადონინა"-ს ორ რაუნდიანი დაპირისპირებაში, ვფიქრობთ, გულშემატკივარმა სანახაობით არ უნდა წააგოს, თორემ მილანურ დერბიდან, სტამბულში მხოლოდ ერთი ჩარტერის გაფრენაა აქვს უეფა-ს დაგეგმილი.
და ბოლოს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის 1/2 ფინალების პირველი რაუნდი მადრიდში 9, მილანში კი, 10 მაისს გაიმართება. საპასუხო შეხვედრები მილანში 16, მანჩესტერში 17 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ფინალი 10 ივნისს, სტამბოლში, ათა თურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზეა დაგეგმილი.
ფოტო: © Stuart Franklin - UEFA/UEFA via Getty Images