საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველ წარმატებას მიაღწია - შოთა მიშველიძემ (61 კგ) და რამინ შამილიშვილმა (55 კგ) კვარცხლბეკის პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის (2021) და ბრინჯაოს (2017), ევროპის ჩემპიონატების ოქროს (2018) და ვერცხლის (2021, 2022) მედლების მფლობელმა მიშველიძემ პირველი ოქროს მედლის მოპოვებიდან ხუთი წლის შემდეგ კონტინენტის პირველობა მოიგო. მომავალმა ჩემპიონმა ატაცში 136 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მიიღო, მეორე შედეგი ჰქონდა აკვრაში 162 კილოგრამით, საუკეთესო იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 298 კილოგრამითაც.
კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია შამილიშვილმა. ის სხვათათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა ატაცში, სადაც 113 კილოგრამის დამორჩილებით ოქროს მედალი დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედალი ერგო აკვრაში, სადაც 136 კილოგრამი დაძლია, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 249 კილოგრამით კი მეორე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ შამილიშვილი მისთვის ახალ წონაში გამოდიოდა.
სამეულამდე ნაბიჯი დააკლდა გოდერძი ბერდელიძეს, რომელმაც ატაცში (122 კგ), აკვრაში (153 კგ) და ორჭიდში (275 კგ) მეოთხე ადგილები დაიკავა.