და ვიდრე დღეს, კვარას საქომაგოდ დავრჩებით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ქართული საფეხბურთო ლეგიონის ბოლო სათამაშო დღეების პერიპეტიები.
საფრანგეთის ლიგა 2-ში ჟორჟის „მეცმა", ზუკას „ბორდო" დაამარცხა. ამ შეხვედრაში ორივე გუნდში გამორჩეული სწორედ, ჩვენი გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელმაც არა მხოლოდ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს, არამედ, ამ შეხვედრაში ბევრი რამეს ადგილი მიუჩინა. შეხვედრის მიწურულს საპირისპირო გუნდში ზუკა დავითაშვილმაც ითამაშა, თუმცა, ქართველმა, მეორე გუნდში, შეხვედრა გოლის გარეშე დაასრულა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში ვლადიმირ ვაისის „სლოვანმა" „დუკლას" უმასპინძლა და ძალზედ საჭირო 3 ქულა მოიპოვა საჩემპიონო რბოლაში, სადაც ქართველების გუნდი, სამი ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერს, რომელთანაც დიდი ალბათობით, საჩემპიონო თამაშის ჩატარება მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში სამივე ქართველმა ითამაშა და მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს. ანგარიში ჯაბა კანკავამ ულამაზესი თაური დარტყმით გახსნა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი, მცირე სოლო რეიდის შემდეგ, შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარის აღება მოახერხა. ჩაკვემ კიდევ ერთი ნავსი გატეხა და ახლა მისგან წარმატებებს ველით. რაც შეეხება ჯაბას, უკვე მერამდენე მატჩია ქართველ გულშემატკივარს კითხვა გაუჩნდა, ჯაბამ სანაკრებო ფეხბურთს, დროზე ადრე ხომ არ დაანება თავი.
იტალიის სერია A-ში, „კრემონეზემ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, ლუკა ლოჩოშვილმა შეხვედრა ძირითადად შემადგენლობაში დაიწყო და მწვანე მინდორი 51-ე წუთზე დატოვა.
უკრაინის ჩემპიონატში „შახტარმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა, გიორგი გოჩოლეიშვილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.
ავსტრიული ბუნდესლიგის საჩემპიონო რბოლაში ქართველი ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა", „აუსტრია" სტუმრად 0-2 დაამარცხა. ქართველმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ამ ჯერზე მხოლოდ 31-ე წუთზე მიღებულ ყვითელს და 58-ე წუთზე გაცუდებულ 11-მეტრიანს დასჯერდა.
სტატიაში გამოყენებულია nakrebi.ge-ს მასალები