ტენერიფემ ბასკონია ბრძლაში დაამარცხა, შერმადინი ისევ მატჩის MVP გახდა
ტენერიფემ ბასკონია ბრძლაში დაამარცხა, შერმადინი ისევ მატჩის MVP გახდა
16.04.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ტენერიფემ ბასკონიას უმასპინძლა და ფიცხელ ბრძოლაში  83-81 დაამარცხა, გიორგი შერმადინი კი ამ უაღრესად დაძაბული მატჩის MVP გახდა. ქართველი ცენტრი საერთო სარგებლიანობით გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო და მატჩის მთავარი ინდივიდუალური პრიზიც დაიმსახურა.


ბასკონია ტენერიფეს ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერის სტატუსით ესტუმრა. ბასკურ გუნდს 22 მოგების წილ ლიგაში ყველაზე ნაკლები - 4 დამარცხება ჰქონდა და ცხრილის სათავიდან დაჰყურებდა რეალს, ბარსელონას და ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მონაწილეს. ქართველი ცენტრის წინამძღოლობით ტენერიფელებმა პირველი, მეორე და მესამე პერიოდები 2-2 ქულით მოუგეს მრისხანე მეტოქეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ხელჩასაჭიდ - 6 ქულიან ლიდერობას ფლობდნენ.


ბასკონიამ მეოთხე პერიოდში თამაში გამოასწორა, თუმცა აღნიშნულ მეოთხედში მხოლოდ 4 ქულით გამარჯვება მოახერხა და საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში - 2 ქულით დამარცხდა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:31 წუთი გაატარა. ქართველმა მეფარემ 13-დან 8 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 20 ქულა შეადგინა. შერმადინმა 5 მოხსნა და 2 პასიც მიითვალა და საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.


ბასკონიელთა რიგებში მარკუს ჰოვარდმა 33 ქულა მიითვალა, თუმცა MVP-ის წაგებული გუნდიდან არ ირჩევენ და შერმადინმა მორიგი ტიტული არავის დაუთმო. 19 მოგებითა და 8 მარცხით ტენერიფე ცხრილში მე-4 ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური დარჩა. შემდეგ მატჩს ტენერიფე 23 აპრილს, ბრეგანთან გამართავს.


ვიდეო-კადრები მატჩიდან