'შავმა ლომმა' მატჩის მიწურულს გატანილი ლელოთი ჩილეს 'სელკნემს' 33:30 სძლია და სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ერთი კვირის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით (არგენტინულ 'დოგოსთან' 75:19), ეს შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა პირველ ტაიმში შეძლეს უპირატესობის მოპოვება, მაგრამ ჩილელებმა ბოლომდე იბრძოლეს და 18-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, 20 უპასუხო ქულა აიღეს. ამ დროს 'შავი ლომი' კაცნაკლული იყო, თუმცა ხასიათი გამოავლინა და ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი გამარჯვება იზეიმა.
ქართველები სრულ უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში და მოლში. გუნდი კარგად გამოიყურებოდა ხელდახელ შეტევებშიც, მაგრამ თამაში ცოტა მოუწია. ერთის მხრივ ამის მიზეზი მსაჯის სასტვენი იყო, რომელმაც ორივე გუნდი ძალიან ბევრჯერ დააჯარიმა. მეორეს მხრივ მეტოქე, რადგან ეპიზოდების გარდა, ბურთს უმეტესად მეტოქე აკონტროლებდა.
'სელკნამს' თამაში სისწრაფეზე ჰქონდა აგებული. ისინი დერეფნიდანაც კი, ბურთს თამაშში სწრაფად აბრუნებდნენ და არეული დაცვისთვის შეტევას ცდილობდნენ. საწყის წუთებში მეტოქემ შეძლო ჩვენი წნეხში მოქცევა და ორჯერ გამოიმუშავა დასარტყმელი ჯარიმა, საიდანაც ერთი 3 ქულად იქცა. 'შავმა ლომმა' მატჩის განახლებისთანავე უპასუხა. მეტოქე ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდა, მოლით ორივეჯერ დიდი მანძილი მოვიგეთ, ბოლოს ბურთი ხაზზე გავიდა, დემე თაფლაძემ კარის წინ შეუტია, ბოჭვის მიუხედავად ფეხზე დარჩა და ოვალი თენგიზ პერანიძეს გადააწოდა, რომელმაც ლელოში ოთარ ლაშხი შეუშვა და გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა.
მალე 'სელკნემმა' კონტრშეტევაზე დაგვიჭირა, რასაც ჩვენი შეცდომებიც მოყვა და აშკარა ლელოსგან თაფლაძის ბოჭვამ გვიხსნა. ჩილელებმა იერიშები გააგრძელეს და მე-15 წუთზე სანდრო მამამთავრიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 5 წუთში ცენტრში გაიჭრა ხაზი, მიყოლამაც არ დააგვიანა და სამხრეთელები კვლავ 3 ქულით დაწინაურდნენ. წინა ეპიზოდის მსგავსად, გაშვებულმა ქულებმა 'შავი ლომი' გამოაფხიზლა. ის რამდენჯერმე ეწვია მეტოქის 22-ს, 28-ე წუთზე მოლის შემდეგ მერაბ შარიქაძემ შეუტია, ლაშხმა ხაზი გაჭრა და ლელოში ბურთი გიორგი ბაბუნაშვილს შეაყოლა, რომელმაც გარდასახვა თავადვე შეასრულა.
როგორც კი 'შავმა ლომმა' დაცვასა და შეტევაში სათამაშო აგრესიას უმატა, ბურთიც მოიპოვა და ლელოც გაიტანა. 34-ე წუთზე შეტევა კარგად გაიშალა და ლაშხი ამჯერად მარცხენა ფრთაზე გაიქცა, წითელ ზონაში საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ და მიხეილ ბაბუნაშვილმა თანაგუნდელების დახმარებით ლელო გაიტანა. გიორგიმ გარდასახა. შესვენებამდე მიხეილ ბაბუნაშვილს მსაჯმა ყვითელი ბარათი აჩვენა, აკა ტაბუცაძე კი ფეხით შეცურებულ ბურთს ვერ დაეწია - 21:10.
მეორე ტაიმი ქართველების შეტევებით დაიწყო. აკა ტაბუცაძე ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა და თავი დაიზიანა. ეპიზოდს ჯარიმა და 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი მოყვა, რომელსაც შალვა მამუკაშვილი მოწყდა და გუნდის მეოთხე ლელო მოკლე ფრთაზე გაიტანა. შეცვლაზე შესულმა ლუკა მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახა. მაგრამ ამის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 'სელკნამმა' სრულად შეძლო თამაშზე კონტროლის დამყარება და ჩამორჩენის შემცირება.
მეორე საპასუხო ლელო (გარდასახვით) მეტოქემ 48-ე წუთზე გაიტანა. 59-ე წუთზე მსაჯმა ყვითელი ბარათით თენგიზ ზამთარაძე დასაჯა და 'სელკნამმა' ჯარიმით კიდევ 3 ქულა გაქვითა. 69-ე წუთზე ჩილელთა იერიშები კვლავ ლელოთი დასრულდა, თანაც მიხეილ ბაბუნაშვილმა მეორე ყვითელი, ანუ წითელი ბარათი მიიღო და მატჩის ბოლომდე კაცნაკლული დავრჩით. ზუსტი გარდასახვიდან 3 წუთში, ჩილელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და 30:28 დაწინაურდნენ.
მაგრამ 'შავმა ლომმა' წაგება არ ისურვა და დარჩენილ დროში ლამაზი კომბინაცია გამარჯვების ლელოთი დააგვირგვინა. მოლისა და ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, გიორგი მარგალიტაძემ, ლუკა მატკავამ და მირიან მოდებაძემ ბურთი ფრაზე აკა ტაბუცაძემდე ჩაიტანეს, სადაც ის ვერავინ შეაჩერა და გამარჯვების ლელო გაიტანა - 33:30.
'შავი ლომი' მომავალ კვირაში არგენტინაში გადაინაცვლებს და 22 აპრილს, 01 საათზე ადგილობრივ 'პამპასს' ეთამაშება.
სამხრეთ ამერიკული ტურნე
14 აპრილი. მონტევიდეო. ჩარუა
შავი ლომი (საქართველო) - სელკნამი (ჩილე) 33:30
შავი ლომი
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. მირიან მოდებაძე, 24. თორნიკე კახოიძე, 25. გრიგორ ქერდიყოშვილი, 26. ნიკა პატარაია.