პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე შეიძლება დამსწრეთა რაოდენობა შეამცირონ
14.04.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
ცნობილი ხდება პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის მასშტაბები. საფრანგეთის სპორტის მინისტრის ამელი უდეა-კასტერის განცხადებით, მაყურებელთა რაოდენობა შეიძლება ადრე გამოცხადებულ 600 ათასზე ნაკლები იყოს. ეს საკითხი ჯერ დასაზუსტებელია, რადგან გახსნის ცერემონიაზე სტუმართა რაოდენობის განსასაზღვრად მხედველობაში მიიღებენ უსაფრთხოების ნორმებს.
მაყურებელთა რიცხვის შესაძლო შემცირების მიუხედავად, მინისტრი დარწმუნებულია, რომ ასობით ათასი ადამიანი შეძლებს თვალყური მიადევნოს გახსნის ცერემონიას.
პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გახსნის ცერემონია მდინარე სენას გასწვრივ ჩატარდება. პარიზი ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებს 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.