თსუ საქართველოს თასის მფლობელია. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა თასის გათამაშების ფინალში ბათუმი დაძაბულ ბრძოლაში - 78-76 (სტატისტიკა) დაამარცხა და არსებობის ისტორიაში აღნიშნული ტიტული მეორედ მოიგო. პირველად სტუდენტებმა ეს 2006 წელს მოახერხეს, როცა "თსუ-ნიკორას" სახელით ასპარეზობდნენ. მას შემდეგ თსუ კიდევ ორჯერ - 2008 და 2010 წლებში იყო თასის გათამაშების ფინალში, თუმცა ტიტულს ვერ შეწვდა. დღეს უნივერსიტეტის გუნდმა სუპერლიგის ჩემპიონობის შემდეგ რანგით მეორე ტიტული მოიგო.
ნახევარფინალის მსგავსად, თსუ-ს არც ამჯერად აკლდა ქომაგები. მაღლივი კორპუსიდან დაძრულმა სტუდენტების ლაშქარმა ოლიმპიური სასახლე სანახევროდ შეავსო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ გუნდს ქომაგობა არ აკლდა, თუმცა თამაშის მოგება ერთობ გაუჭირდა. ბათუმელები მეტოქეს არ რჩებოდნენ. მართალია, ძირითადად თსუ იყო წინ, თუმცა ზღვისპირელები მეტოქეს წინ არ უშვებდნენ და ჩამორჩენას აბათილებდნენ.
ქულა-ქულაში მიმდინარე თამაშის კვანძი ბოლო წამებზე გაიხსნა. თსუ-ს ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯიმონ ჰენსონმა შეხვედრის ბოლო წუთზე ჰაერივით საჭირო სამქულიანი მიითვალა და სტუდენტების გუნდი 4 ქულით დააწინაურა. ტაქტიკური ჯარიმით ბათუმელებმა მოიპოვეს თამასის გადარჩენის შანსი, მაგრამ საბა ლობჯანიძის სამქულიანი, რომელიც ბათუმელთათვის პოტენციურად დამაწინაურებელი იყო, კალათში არ ჩაეშვა. ზღვისპირელებს ბოლო წამებზე კიდევ ერთი შანსი მიეცათ, როცა კაილი რიდლის განზრახ აცილებული საჯარიმო ლობჯანიძემ მოხსნა და რატომღაც პერიმეტრზე აიტანა ბურთი, რათა სამქულიანი ჩაეგდო, არადა, სხვაობა 2 ქულა იყო და წარმატებული შეტევის შემთხვევაში, თამაში ოვერტაიმში გადავიდოდა.
თსუ-ში მორიგი მძლავრი მატჩი ჩაატარა კორი ბოუენმა, რომელიც ოთხთა ფინალის MVP გახდა. მას საუკეთესო მოთამაშის პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა, რომელმაც გამარჯვებულები ასევე შესაბამისი, თასის ფორმის მედლებით დააჯილდოვა.
საქართველოს თასი თსუ-ს კაპიტან ნიკოლოზ დარბაიძეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ლაშა გამყრელიძემ გადასცა, რის შემდეგაც უნივერსიტეტელებმა გამარჯვება აელვარებული ფოერვერკის თანხლებით აღნიშნეს.