11 აპრილს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის პირველი მოულოდნელობა დაფიქსირდა. ბუნებრივია, ის ფაქტი, რომ მიუნჰენის „ბაიერნს", დაულაგებელი საშინაო ვითარებიდან გამომდინარე შეეძლო წაეგო, არავინ გამორიცხავდა. თუმცა, გერმანული კლუბის ასეთ „განადგურებას" ალბათ, ნაკლებად თუ, ვინმე მოელოდა. მათ შორის, „ბაიერნის" ყოფილი და ამჟამად, „მანჩესტერ სითის" მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა. მოგვიანებით ის იტყვის, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ იგრძნო, როგორ დაბერდა 10 წლით, თუმცა, ეს, მხოლოდ პირველი რაუნდია და ჯერ, საბოლოო ბრძოლა წინაა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა, „ეტიჰადზე" 3 უპასუხო გოლი გაიტანა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა 1/2 ფინალს (მატჩის სტატისტიკა ).
„ტოპ კლუბია. ვფიქრობ, პირველი თამაში მიუნჰენში, რომ ყოფილიყო, ისეთივე შანსი ექნებოდათ, როგორც ჩვენ. თუმცა, ეს იყო ჩვენი სტადიონი, აქ, ჩვენ ამ სეზონში განსაკუთრებულს ვაკეთებთ. ჩვენ აქ ვქმნით უამრავ მომენტებს. ეს მოხდა „ბაიერნთანაც". მე სამი წელი ვიყავი მიუნჰენში და ვიცი რა გარემოა იქ, რა გულშემატკივარი... ჩვენ უნდა ვისწავლოთ გოლების გატანა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოგება. სხვაგვარად იქ გაგვიჭირდება," - ამბობს გუარდიოლა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე და ამავდროულად თვლის, რომ დღეს მათ უფრო გაუმართლათ, რადგან „ბაიერნს", რიგ მონეტებში უბრალოდ იღბალმა შეაქცია ზურგი. აქედან გამომდინარე, საპასუხო მატჩისთვის, რომლამდეც ახლა „მანჩესტერ სითი" 2 დღეს დაისვენებს, ყველა დეტალის გაანალიზება მოუწევთ, განსაკუთრებით იმ 55-60 წუთისა, რომელიც გუნდისთვის „სამკვდრო-სასიცოცხლო სათამაშო დრო" გამოდგა და როდესაც განსაკუთრებით, მუსიალას, გნაბრისა და კომანის გაკონტროლება გაუჭირდათ.
რთული სათქმელია, რას შეცვლის ტომას ტუხელი „ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში ანდა, სულაც სათამაშო კუთხით, საპასუხო თამაშისას. ფაქტია, რომ დღევანდელი შეხვედრის მიმდინარეობისას თამაში ფაზების მიხედვით შეიძლება დაიყოს, როდესაც „ბაიერნი" უკეთ გამოიყურებოდა და ჰქონდა გოლის გატანის შანსები და მასპინძლები, რომლებმაც თითქოს არაფრისგან, ულამაზესი გოლები გამოაცხვეს.
„ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი, რომ განსაკუთრებით ნუ ჩაიციკლებიან შედეგზე, რადგან ეს შედეგი არ არის მატჩის სრული ამბავი. ეს არის გამოწვევა რათა ჩვენ რიგი დეტალები გავაკეთოთ უკეთესად... მეორე ტაიმის 20-25 წუთში ჩვენ ვიყავით ბევრად უფრო ძლიერები ვიდრე პირველ ტაიმში. პირველ ტაიმში ჩვენ გვქონდა შანსები, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. საპასუხოდ, როდისგან მარცხენა ფეხით დარტყმული ბურთი მივიღეთ... ამ მანძილიდან არ უნდა უშვებდე...ჩვენ არ დავნებდებით. საშინაო თამაში გერმანიაში, არის გერმანიაში, სახლში თამაში. საფინალო სასტვენამდე, არაფერია დასრულებული", - ეს ტომას ტუხელის განცხადებაა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ჯონ სტოუნზი დაასახელეს. თუმცა, სამუშაოს დიდი ნაწილი მანჩესტერელთაგან ერლინ ჰაალანდმა შეასრულა. სხვათა შორის, „მონსტრის" სახელით შემკობილმა ამ მატჩში, „ბაიერნს" მესამე გოლი გაუტანა, რაც „სითის" მაისურით ჩატარებულ 39 მატჩში, 45-ე გოლი აღმოჩნდა.
იქნება თუ არა „სითი" კვლავ ლიგის ფავორიტი ამას ჯერ, საპასუხო მატჩები, შემდეგ კი, უკვე დღევანდელი მეოთხედფინალები აჩვენებს.
კიდევ ერთი 1/4 ფინალური შეხვედრაში კი, რომელიც ლისაბონში გაიმართა, სადაც იტალიურმა „ინტერმა", „ბენფიკა" 0-2 დაამარცხა (მატჩის სტატისტიკა ). მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ 51-ე წუთზე ანგარიში ნიკოლო ბარელამ გახსნა. შეხვედრის მიწურულს, 82-ე წუთზე კი ლუკაკუმ 1/2 ფინალისკენ, რომლის ბედიც საბოლოოდ საპასუხო მატჩში, მილანში უნდა გადაწყდეს, ინტერი ერთი ნაბიჯით წინ წასწია.
შეგახსენებთ, რომ დღეს კიდევ 2 მეოთხედფინალია, მადრიდში „რეალი" - „ჩელსის", მილანში კი „მილანი", კვარას „ნაპოლის" დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ სერია A-ს ეს ორი წარმომადგენელი, ჩემპიონთა ლიგის და საერთოდ, უეფას ევროტურნირების რანგში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან და შესაბამისად, ამ ორ კლუბს შორისაც, ახალი ათვლა დაიწყება. უეფა-ს ევროტურნირების მატჩებში „მილანი" იტალიურ კლუბებს 9-ჯერ გადაეყარა. 4 მოიგო, 4-ში ფრედ ითამაშა და ერთიც წააგო. რაც შეეხება „ნაპოლის" ის, 1989 წელს, უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩში, „იუვეს" დაუპირისპირდა, 1 მარტს სახლში „იუვემ" იმარჯვა 2-0, 15 მარტს კი, უკვე ნეაპოლში, „ნაპოლიმ" იმავე ანგარიშით დაამარცხა ბებერი ქალბატონო. საპასუხო შეხვედრაში მე-10 წუთზე, 11-მეტრიანით ანგარიში მარადონამ გახსნა. ორი მატჩის ჯამში კი, დამატებით დროში, „ნაპოლი", ალესანდრო რენიკას გატანილი გოლის წყალობით, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
დღევანდელი მეოთხედფინალური თამაშები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სტატია მომზადებულია უეფა-ს მედია პორტალის მასალებზე დაყრდნობით და გამოყენებულია ფოტოები: © Charlie Crowhurst (UEFA/UEFA via Getty Images), Jan Kruger (UEFA/UEFA via Getty Images), Fran Santiago (UEFA/UEFA via Getty Images)