საქართველოს თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთს ბათუმი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შეხვდებიან. 11 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში ამ გუნდებმა ოთხთა ფინალის პირველი დაპირისპირებები მოიგეს და სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
ბათუმელებმა ნახევარფინალიდან გურჯაანის დელტა გამოთიშეს. არადა, კახეთის წარმომადგენელმა თამაში შედეგიანად დაიწყო და პირველ პერიოდში ლიდერობა არ დაუთმია. საწყისი 10-წუთეული გურჯაანელთა გამარჯვებით -21:18 დასრულდა, რის შემდეგაც ბათუმის ჯერი დადგა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ათწუთეული 26:11 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 12 ქულით გალიდერდა. აჭარლებმა ტემპი არც შესვენების შემდეგ დააგდეს და რაც დრო გადიოდა, უპირატესობას ზრდიდნენ.
ბოლო პერიოდში ბათუმელთა ლიდერობამ 36 ქულას მიაღწია და შეხვედრამ აზრი დაკარგა, საბოლოოდ აჭარლები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს - 107-74 (სტატისტიკა). მატჩში საუკეთესო შედეგი ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, კაილი რიდლიმ დააფიქსირა - 35 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა. ჯორდან სეშენმა 16 ქულა მოაგროვა, ბრენდონ ელსტონმა - 11. დელტაში 22 ქულით საუკეთესო შედეგი ვახტანგ ქადარიამ დააფიქსირა.
მეორე ნახევარფინალს 1000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ოლიმპთან მატჩში საკუთარი გუნდის საქომაგოდ თსუ-ს უამრავი სტუდენტი მოვიდა, რომლებმაც მსვლელობა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან დაიწყეს და გზად თავიანთი გუნდის ფერების შაშხანებს უშვებდნენ. მატჩის მსვლელობამ თსუ-ს გულშემატკივარს აქტიურობის მეტი მუხტი მისცა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი მოსაგებად იყო შემართული და არაფრის დათმობას არ აპირებდა.
პირველი პერიოდი თსუ-მ 27:25 მოიგო. 2-ქულიანი სხვაობა იყო დიდი შესვენებისთვისაც. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას, თუმცა ლიდერი მუდმივად თსუ იყო. მესამე პერიოდი სტუდენტებისთვის შედეგიანი გამოდგა. გიორგი ცინცაძის აქტიურობით თსუ-მ 20:14 მოიგო პერიოდი და 8 ქულით დაწინაურდა.
ოლიმპი არ შეეპუა თსუ-ს გალიდერებას და ჩამორჩენა გააბათილა. თსუ-ს ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწია, რაც მშვენივრად გამოუვიდა. უნივერსიტეტელებმა ბოლო წუთებზე მეტი სიზუსტე და დაცვაში დისციპლინა გამოავლინა, რის ხარჯზეც 87-84 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. თსუ-ში საუკეთესო გიორგი ცინცაძე იყო, რომელმაც 21 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა დააგროვა ბექა ბექაურმა. 14 ქულა ჯიმონ ჰენსონის ანგარიშზეა. ოლიმპში 17 ქულით, 6 მოხსნითა და 4 ჩაჭრით საუკეთესო იყო ობრი მაკალპინი. 18 ქულა და 10 პასი გივი ბაქრაძემ მოაგროვა.
ფინალური მატი, რომელშიც საქართველოს თასის მოსაგებად ბათუმი და თსუ შეხვდებიან, ოლიმპიურ სასახლეში, 12 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.