19-წლამდე გოგონებმა სკოპიეში ასპარეზობა მოგებით დაასრულეს
19-წლამდე გოგონებმა სკოპიეში ასპარეზობა მოგებით დაასრულეს
10.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ქალათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა. ლალე დავითაშვილის ფეხბურთელებმა, ჯგუფის ბოლო შეხვედრა გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარეს და 0-5 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე, არც ერთ გუნდს ქულა არ ჰქონდა აღებული და შესაბამისად, ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ეს განსაკუთრებით მატჩის პირველ ნახევარში ნაჩვენებ ყვითელ ბარათებზეც აისახა. ლატვიელმა მსაჯმა შეხვედრის ამ მონაკვეთში 4 ყვითელი ბარათი აჩვენა და გიბრალტარელთა კარში 11-მეტრიანიც კი, დანიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა ეთერ სულაშვილმა. თუმცა, ამ გოლამდე, საქართველოს ნაკრებს, თინათინ ამბალიას გოლის შემდეგ, მე-11 წუთისთვის უკვე მიჰყავდა ანგარიშში.  ჩვენმა გოგონებმა, პირველი ტაიმი 0-2 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი 11-მეტრიანი დაარტყა 75-ე წუთზე. ამჯერად, ლიზი კანკია იყო ზუსტი. თუმცა, ამ გოლამდეც და შემდეგაც 56' და 80' წუთებზე თავი კვლავ ეთერ სულაშვილმა გამოიჩინა და გიბრალტარელებთან მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.


საბოლოოდ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფი 3 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა. ჯგუფი კი, ისრაელის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც სამივე თამაშში გაიმარჯვა. ისრაელმა დღე ჩრდ. მაკედონიას სძლია 1-2.