ქალთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ქალთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
10.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ფედერაციის სანაკრებო გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა ქალთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია. ირის ანტმანი, რომელიც საქართველოში ვაჟთა ეროვნული ნაკრების სანაკრებო შეკრების დროს ჩამოვიდა და პირადად გაეცნო სფფ-სა და ქალთა ფეხბურთში მომუშავე პერსონალს, მოგვიანებით საქართველოს ქალთა ასაკობრივი ნაკრების თამაშებსაც დაესწრო ჩრდ. მაკედონიაში. ირის ანტმანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის ბოლომდე იმუშავებს.


„გამარჯობა, მე ირის ანტმანი ვარ. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მიმაჩნია, რომ მძიმე შრომით, თავდადებითა და დისციპლინით, ჩვენ მოვახერხებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებით იამაყოთ", - ასეთია პირველი გზავნილი ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან, რომელმაც თამაზ კოსტავას, ლევან ბაჯელიძისა და გიორგი ჩხაიძის შემდეგ ჩაუდგება ქალთა მთავარ ნაკრებს სათავეში.


ირის ანტმანმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უკვე წარუდგინა ხედვა და სამუშაო გეგმა, სადაც მთავარი ადგილი დისციპლინას დაეთმობა და დიდი ალბათობით, სწორედ სათამაშო დისციპლინიდან გამომდინარე მოხდება ქალთა ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება.


Oded Karni


მოგეხსენებათ, 2023-2024 წლების სეზონზე უეფა ქალთა შორის ახალ ტურნირს, ქალთა შორის უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებას იწყებს, სადაც რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ნაკრებს C ლიგაში უწევს თამაში. ამ ტურნირისთვის წილისყრა 2023 წლის 2 მაისს, ნიონში გაიმართება. თამაშები კი, სახლი-გასვლის პრინციპით 2023 წლის 20 სექტემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კაცთა ერთა ლიგის ანალოგიურად, გუნდები წარმატების შემთხვევაში დაწინაურდებიან. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ სწორედ, ასეთი ტურნირიდან საქართველოს ვაჟთა ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპის ჩემპიონატამდე. თუმცა, სწორედ, ერთა ლიგაზე გუნდმა თამაში, სახელი და ადგილი იპოვა ევროპულ სანაკრებო ფეხბურთში. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ იმავეს, ქალთა გუნდიც გაიმეორებს.


რაც შეეხება ცვლილებებს სამწვრთნელო შტაბში, ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ეტაპზე მწვრთნელის ასისტენტად, წარსულში ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და 17-წლამდე გოგონა ნაკრების მწვრთნელი სალომე ხუბულური იმუშავებს. გუნდის ანალიტიკოსი კი, ნინო სუთიძე იქნება, რომელმაც სანაკრებო და საკლუბო კარიერა მძიმე ტრავმის გამო დროზე ადრე დაასრულა. ჩამოიყვანს თუ არა ანტმანი სამწვრთნელო შტაბში სამუშაოდ თანამემამულეებს, ან დაემატებიან თუ არა შტაბს, სამწვრთნელო ლიცენზიის მქონე სხვა ქართველი ქალი ფეხბურთელები, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ისევე როგორც ის, თუ როდის შეიკრიბება ახალი მწვრთნელის მეთვალყურეობით ქალთა ეროვნული, ექნება თუ არა ოფიციალურ თამაშებამდე სპარინგები და ვაჟთა ეროვნული მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის მსგავსად, ექნება თუ არა ქართულ მედიასთან ტრადიციული და სისტემატური შეხვედრები.



და ბოლოს, რამდენიმე საინტერესო დეტალი საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ - 47 წლის სპეციალისტს ისრაელიდანაა და 13-წლიანი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ანტმანი ხუთი წლის განმავლობაში ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, აგრეთვე ხელმძღვანელობდა ისრაელის 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებებს.


ანტმანი, 7 წლის განმავლობაში, ისრაელის ახალგაზრდულ საფეხბურთო აკადემიაში გოგონათა ასაკობრივი გუნდების ხელმძღვანელი იყო. მანამდე, საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ისრაელის ნაკრებში მეკარის პოზიციაზე 13 წელი თამაშობდა და ამავდროულად იყო ნაკრების კაპიტანი.




სამწვრთნელო კარიერა

2010-2015 - ისრაელის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

2012-2019 - ისრაელის ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელი (16-19 წლამდე გუნდები)

2015-2017 - ისრაელის 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2018-2019 - ისრაელის 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2022 - „ჰაპოელი ნოფ ჰაგალილის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი


საფეხბურთო კარიერა | პოზიცია - მეკარე

1997-2010 - ისრაელის ეროვნული ნაკრები

1988-2002 - „მაკაბი" ჰაიფა

2004-2010 - „მაკაბი" ჰოლონი



სტატიაში გამოყენებულია ფოტოები:  newsrnd.com-ის, מרצל אברהם