სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ს სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. ახლა თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მისი გადასვლა მილუოკიდან სან ანტონიოში 100 პროცენტით გამართლებული ნაბიჯი იყო. ეს, მართალია, მისი პირადი სურვილი არ ყოფილა, მილუოკელებმა თავად გადაწყვიტეს მისი გაშვება, თუმცა უკეთეს ტრანსფერს და ვითარებას, რომელშიც მამუკელაშვილი სან ანტონიოში გადასვლით აღმოჩნდა, ვერც ვინატრებდით. სანდრო მოხვდა ცოცხალი ლეგენდის, ნბა-ს დიდების დარბაზში უკვე დავანებული დიადი სპეციალისტის, ვარსკვლავების აღმომჩენი და გამომძერწავი გრეგ პოპოვიჩის ხელში.
პოპოვიჩმა სანდრო შეიყვარა, მასზე ამ მოკლე დროში (თვენახევარია, სან ანტონიოში გადავიდა) არაერთი კომენტარი გააკეთა და რა თქმა უნდა, ყველა დადებით კონტექსტში და ისე მოზომილად, როგორც გრძნეულ ადამიანებს სჩვევიათ. გრეგმა მას მისცა სათამაშო დრო და ბოლო მატჩებში სასტარტო ხუთეულში ადგილიც უბოძა. ქართველმა ფორვარდმა დიდ მწვრთნელს გაუმართლა მოლოდინები და თითქმის ყველა მატჩში მსუყე სტატისტიკით დახუნძლული გამოდიოდა მოედნიდან.
პოპოვიჩს ისიც აძლევდა ბიძგს, სანდრო ხანგრძლივად ეთამაშებინა, რომ სან ანტონიომ რეგულარულის დასრულებამდე ათიოდე ტურით ადრე პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა და ამ უჭკვიანესი მწვრთნელის ერთადერთ მიზნად სან ანტონიოს ხელახალი აშენება (უკვე მერამდენედ?!), მისთვის ძველი დიდების დაბრუნება გახდა. მან ეს რამდენჯერმე უკვე მოახერხა იმ 27 წლის მანძილზე, რაც ტეხასურ კლუბს წვრთნის და ამ ხნის განმავლობაში სან ანტონიოს მსოფლიოს ჩემპიონობა (ნბა-ს ტიტულს ასე უწოდებენ) 5-ჯერ მოაგებინა. რაკი პლეი ოფში ვეღარ გადიოდნენ, მწვრთნელს მიეცა სრული კარტ-ბლანში, ახალგაზრდა, იმედისმომცემი, მომავლის გუნდისთვის გამოსადეგი ბიჭები ეთამაშებინა. პოპოვიჩის მორიგი სარეკონსტრუქციო გეგმის ერთ-ერთ ნაწილად სწორედ მამუკელაშვილი იქცა, რომელსაც ბოლო მატჩებში 20 წუთზე ნაკლები აღარ უთამაშია.
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა, რითაც სან ანტონიომ 2022-2023 წლის სეზონი დაასრულა, მამუკელაშვილისთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო (შედეგიანობით რიგით მეორე) აღმოჩნდა. სხვათა შორის, სანდრომ ყველაზე მაღალი შედეგი წინა სეზონის ბოლო შეხვედრაში, სწორედ 10 აპრილს დააფიქსირა, როცა კლივლენდთან მნიშვნელობის არმქონე მატჩში მილუოკის მწვრთნელმა ახალგაზრდა ქართველი თითქმის 43 წუთი ათამაშა და "მამუმ" 28 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.
ზუსტად 1 წლის შემდეგ, 2023 წლის 10 აპრილს სანდრომ უკვე სან ანტონიოს მაისურით, დალასის წინააღმდეგ 31:27 წუთი ითამაშა და 23 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა, სან ანტონიომ კი პლეი ოფში ვერგასული დალასი სტუმრად 138-117 (სტატისტიკა) დაამარცხა. მამუკელაშვილმა 10-დან 4 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და სან ანტონიოელთაგან საუკეთესო შედეგი დააგროვა ქულებშიც, მოხსნებშიც, პასებშიც... მასზე მეტი ერთადერთმა მოთამაშემ, დალასელმა თეო პირსონმა მოიხვეჭა - 23 ქულა, 13 მოხსნა, 12 პასი, რომელმაც სანდროზე 10 წუთით მეტი ითამაშა.
სან ანტონიომ სეზონი 22 მოგებითა და 60 მარცხით დაასრულა და თავიდან აიცილა კლუბის ისტორიაში უარესი შედეგი (20-62).
ვიდეო -კადრები მატჩიდან
***
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" ესპანეთის ჩემიონატის მორიგ, 26-ე ტურში დამარცხდა. კუნძულელებმა სტუმრად, "ბეტისთან" ითამაშეს და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 76-80 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. სტუმართა შორის ყველზე შედეგიანი ტიმ აბრომატისი (15 ქულა) იყო.
26-ე ტურში რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსიამ" დაძაბულ ბრძოლაში 79-81 წააგო „ობრადოიროსთან". ანდრონიაკშვილმა 9 წუთში 2 ქულა და 3 შედეგიანი პასი მოაგროვა, მაკფადენის ანგარიშზე 11 ქულა, 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემაა.
26 ტურის შემდეგ „ტენერიფე" 26 ქულით მეოთხე ადგილზეა, „მურსია" 20 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.
***
სეზონი დაასრულა გოგა ბითაძემაც, რომლის გუნდიც, ორლანდო მეჯიქი პლეი ოფში ვერ გავიდა. ფლორიდელებმა რეგულარულ სეზონში 34 გამარჯვება მოიპოვეს და 48-ჯერ დამარცხდნენ. დასკვნით შეხვედრაში ორლანდოელები მაიამი ჰითს ესტუმრნენ და ფლორიდული დერბი 110-123 წააგეს. საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედის წინ მეჯიქი 1 ქულით იგებდა, თუმცა, გადამწყვეტი თორმეტწუთეულის სტარტზე 4:18 გაქცევა გაუშვა და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.
ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური მიიღო.
ორლანდოში საუკეთესოები კევონ ჰარისი (22) და კალებ ჰოუსტანი (21) იყვნენ. ბითაძემ მეჯიქის მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ ნათამაშებ 15 წუთში 5.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 1.2 პასს აგროვებდა.
***
ჩრდილოეთ მაკედონიაში მოთამაშე გიორგი კორსანტია კარგ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების 25 წლის ფორვარდმა მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა და თავისი გუნდის MVP გახდა. გოსტივარი 21 ტურში კოზუვს ესტუმრა და 87-94 წააგო, კორსანტიამ კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სტუმართაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
გიორგიმ მოედანზე 37 წუთი გაატარა და 19 ქულა, 13 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დან 8 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაში წესები 5-ჯერ დაირღვა. კორსანტიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა.
21 მატჩიდან გოსტივარს 14 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 22 აპრილს, შინ, ფენიკსთან გამართავს.