8 და 9 აპრილს ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გაიმართა, სადაც "დინამო თბილისმა", ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა.
წლის ქართული დერბი საკმაოდ საინტერესოდ, თბილისელთა უპირატესობით, თუმცა, იმერელთა მწვავე "კბენებით" წარიმართა. ალბათ, აღნიშვნის ღირსია ტორპედოელთა მეკარე ოთო გოშაძე, რომელსაც ქუთაისელები, მატჩის შემდეგ, ტაბლოზე დაფიქსირებულ შედეგს უნდა უმადლოდნენ. ანგარიში პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე, ომერ იმრანის ძლიერი შორეული დარტყმით გაიხსნა. 78-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. დინამოელებს კი, 3 ქულის გადასარჩენად, სუფთა სათამაშო 12 წუთი რჩებოდათ. თუმცა, "ჭიას" გუნდს, სტატუს-კვოს აღსადგენად მხოლოდ 4 წუთი დასჭირდათ. თბილისელებმა 2-1 მოიგეს, მაგრამ ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გაანიავეს. ეს ნათქვამი, ალბათ, უფრო გამოსასწორებლად, ვიდრე საწყენად.
თბილისელთა რიგებში ამ მატჩში, დებიუტი ჰქონდა „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილ ნიკა უგრეხელიძეს. გიორგი ჭიაბრიშვილმა, 19 წლის ფეხბურთელით, ამ მატჩის პირველი გოლის ავტორი შეცვალა.
მატჩის სრული ფოტო-ამბავი
ამ ტურის სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა:
"სამტრედია" - "შუქურა" 0-2
"თელავი" - "დინამო" ბთ 1-4
"გაგრა" - "დილა" 0-0
"სამგურალი" - "საბურთალო" 2-1
ამ ტურის შემდეგ, გათამაშებას თანაბარი ქულებით დინამოები ლიდერობენ. მომდევნო მე-7 ტური კი 12 და 13 აპრილს გაიმართება.
გათამაშების ცხრილი
გათამაშების კალენდარი