ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილი დაიშალა
ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილი დაიშალა
08.04.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფიგურულ ციგურაობაში, თანამედროვე ქართულ რეალობაში ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ ახალი სეზონიდან ცალ-ცალკე ასპარეზობა გადაწყვიტეს. თავდაპირველად, ინფორმაცია კარინამ, პირად ინსტაგრამ-გვერდზე გაავრცელა. თუმცა, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ წყვილის დაშლა, ცოტა ხნის წინ, იაპონიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატამდეც უკვე გადაწყვეტილი იყო.

„რას გავაწყობთ... ამ ისტორიის დასასრულიც მოვიდა. ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ამის შესახებ პირვ ელი ვამბობ. ყველაფერს აქვს დასასრული, ზოგჯერ ის ბედნიერია, ზოგჯერ არა. ამ ისტორიას არ აქვს კარგი დასასრული. ცხოვრებაა ასეთი. ჩემი თანამშრომლობა პავლე სერგეის ძესთან და ლუკასთან დასრულებულია. სათითაოდ გიხდით მადლობას გზისთვის და შეუფასებელი გამოცდილებისთვის, რომელიც შესაძლოა არ იყო ხანგრძლივი. თუმცა, კარდინალურად სხვადასხვანაირი. ეს ჩემი ისტორიის, მხოლოდ ერთი თავის დასასრულია და წერტილი დავსვი. ვშლი ამ გვერდს და ახალი თავის წერას ვიწყებ. დიახ! ვაგრძელებ კარიერას, ვიბრუნებ ფორმას და ვეძებ ახალ პარტნიორს", - წერს კარინა საფინა, პირად ინსტაგრამ გვერდზე.




2023 წლის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც მარტის მიწურულს მსოფლიოს საციგურაო ფედერაციამ განვლილი შედეგების დაჯამების შემდეგ, ოფიციალურად გამოაქვეყნა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას, აწ უკვე დაშლილი წყვილი, მე-13 პოზიციაზე გავიდა. მანამდე შეგახსენებთ, რომ წყვილმა ახალგაზრდებს შორის, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მე-9 ადგილზე მოახერხა გასვლა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით კი, ბერულავასა და საფინას წყვილი, განვლილი წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ ზამთრის სახეობებში.


„ძვირფასო მეგობრებო! მინდა გამოვაცხადო ჩვენი წყვილის არსებობის შეწყვეტის შესახებ! უღრმეს მადლობას ვუხდი კარინას! ჩვენმა გუნდმა დიდი და რთული გზა გამოიარა! მინდა მადლობა გადავუხადო ყოველი წუთისთვის, რომელიც გავატარეთ ჩვენს წყვილში!  ვუსურვებ ყოველმა ჩვენთაგანმა მიაღწიოს დადგმულ მიზნებს! ახლა, ჩვენ სხვადასხვა გზა გვაქს, მაგრამ ეს არ აკეთებს არცერთს ჩვენთაგანს ცუდს ან კარგს! ხშირად სპორტში გვიწევს რთული გადაწყვეტილების მიღება! რაც არ კეთდება, ყველაფერი კეთდება უკეთესობისკენ!

პ.ს დღეს გავიღვიძე დამწვარი ყურებისგან. ჰეითერებს, მიყვარხართ და გეხუტებით, მეც არ მავიწყდებით",  - ეს კი, ლუკა ბერულავას პოსტია.




2022 წელს, კარინა საფინასა და ლუკა ბერულავა ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდოს კანდიდატებიც კი იყვნენ  „საუკეთესო ახალბედების" კატეგორიაში და ამ წოდებისთვის მათ, რინკა ვატანაბე (იაპონია, ერთეული გოგონები),  ნინა პეტრიკინა (ესტონეთი, ერთეული გოგონები), ისაბო ლევიტო (აშშ, ერთეული გოგონები),  ანასტასია სმირნოვა/დანილი სიიანცია (აშშ, სპორტული წყვილები) ეცილებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ბერულავა / საფინას წყვილისთვის 2022 წლის სეზონი უფროსთა (სენიორთა) შორის პირველი იყო.


ახალი სეზონიდან, „ახალი კომპლექტაციით" დაიწყებს ასპარეზობას საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები. ფედერაციის პრეზიდენტი, მარიამ გიორგობიანი, ჩვენთან საუბარში არ აკონკრეტებს თუ რა ცვლილებები იქნება გუნდში, ამ ეტაპზე ვერც ლუკას მომავალ მეწყვილეზე ლაპარაკობს. ამბობს მხოლოდ, რომ „ჯერ", ლუკას მომავალი პარტნიორის „მოსინჯვის რეჟიმში" არიან. ფედერაციის ინსტაგრამ გვერდი კი, ამასობაში წყვილის დაშლასთან დაკავშირებით, შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს.




„ჩვენი ნაკრების დამსახურებული წევრები, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა ამიერიდან ცალ-ცალკე განაგრძობენ სპორტულ კარიერას. სამწუხაროდ, წყვილმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სეზონის დასასრულს. ვუსურვებთ მათ წარმატებას და ბედნიერებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ ლამაზი მოგონებებისთვის, რაც კარინამ და ლუკამ საერთო ასპარეზობის საკმაოდ ხანმოკლე, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავ პერიოდში დაგვიტოვეს", - წერს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ოფიციალური გვერდი.


შეგახსენებთ, რომ 2022-2023 წლების სეზონზე, კარინას ტრავმის გამო წყვილს მთელი რიგი შეჯიბრების გამოტოვება მოუხდა. ბოლო, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი, რომელიც იაპონიაში, საიტამაში,  მოკლე პროგრამაში 60.98  ქულით  მე-14  ადგილზე, თავისუფალში 86.01 ქულით მე-20, ორი პროგრამის ჯამში კი, მე-19 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა, როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე ერთობლივად ბოლო.   





სტატიაში გამოყენებულია სეოკ-ის (ხატია ჯიჯეიშვილის), საქართველოს ციგურაობის ფედერაციისა და სპორტსმენების პირად გვერდებზე გამოქვეყნებული ფოტოები