ქართული ლეგიონის ამბები
ქართული ლეგიონის ამბები
07.04.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა. გოგას „ორლანდო" „კლივლენდს" ესტუმრა და 94:118 დამარცხდა, ხოლო სანდროს „სან ანტონიო სპურსმა" ვლადიმერ სტეფანიას ყოფილი გუნდი „პორტლენდი" მიიღო და 129-127 დაამარცხა.

„სპურსისთვის" ეს ისტორიული შეხვედრა იყო - გუნდმა პირველად ითამაშა ქალაქ ოსტინში (სულ ოთხ შეხვედრას გამართავს), ხოლო 21-ე გამარჯვებით ისტორიული ანტირეკორდი აიცილა თავიდან: 1997 წელს „სან ანტონიომ" სეზონი 20 გამარჯვებით დაასრულა და იმავე წელს დრაფტზე ტიმ დანკანი აიყვანა.


პორტლენდთან" მამუკელაშვილმა 21 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა.


რაც შეეხება გოგა ბითაძეს, „კლივლენდთან" მანაც 21 წუთი ითამაშა და ბურთი შვიდჯერ მოხსნა, რასაც 7 ქულა, 2 დაფარება და 1 პასი მიამატა.


ქართველების გუნდები პლეი ოფში ვერ გადიან. „ორლანდო" მომდევნო შეხვედრას „ბრუკლინთან" 8 აპრილს გამართავს, „სან ანტონიო" „მინესოტასთან" 9 აპრილს ითამაშებს.


ვიდეო-კადრები მატჩიდან

***


ევროლიგაში მორიგი, 33 ტურის მატჩები გაიმართა. თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ესპანეთში ვალენსიას დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა. თანაბარი ბრძოლის სასწორი ბოლო პერიოდში მასპინძელთა მხარეს გადაიხარა, რომლებმაც საბოლოოდ შეხვედრა 79-68 მოიგეს.


თორნიკემ პარკეტზე 24:55 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. ვალენსიას შენონ ევანსმა ულიდერა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და 6 პასი გააკეთა.


ვირტუსი ევროლიგაში მეოცედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგაში მე-14 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. ვირტუსი ბოლო ტურში მილანოს უმასპინძლებს.