საერთაშორისო ტურნირი "რუსთავის თასი 2023", რომელიც 12-წლამდელთა შორის 27 აპრილიდან ქვემო ქართლის მთავარ ქალაქში მიმდინარეობდა, ესტონური "ვილანდის" გამარჯვებით დასრულდა. ტურნირი რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის და საკალათბურთო კლუბ „რუსთავი 1991"-ის ორგანიზებით ჩატარდა. მხარდამჭერები გახლდნენ რუსთავის მერია და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
რუსთავის თასი ტრადიციული ტურნირია, რომელიც მეორედ ჩატარდა და ამჯერად მას საერთაშორისო სტატუსი ჰქონდა. 16 მონაწილეს შორის იყვნენ ესტონური და ლატვიური გუნდები, რომლებიც საპრიზო სამეულში მოხვდნენ. ფინალურ მატჩში ესტონურმა "ვილანდმა "რუსთავი 1991"-ს სძლია, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში ლატვიურმა "ტალსმა" "აკადემიას" მოუგო.
ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც პრიზიორ გუნდებთან ერთად ინდივიდუალური პრიზების მფლობელებიც დაჯილდოვდნენ.
მე-3 ადგილზე გასული ლატვიური "ტალსი" საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელებმა ოთარ ხმელიძემ და ვაჟა კვარაცხელიამ დააჯილდოვეს. მეორეზე გასული რუსთავი 1991-ს მედლები და შესაბამისი თასი რუსთავის მერიის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი დემეტრაშვილმა და კლუბ რუსთავი 1991-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მაღლაფერიძემ გადასცეს.
ტურნირის სპონსორის, Shoot 360-ის რჩეული გახდა დათი ჩადუნელი, მაყურებელთა და კიდევ ერთი სპონსორის, მაღაზია jasdrip-ის სიმპათიის პრიზი რუსთაველმა ანდრია ესებუამ დაიმსახურა. ფინალური მატჩის MVP ესტონელი პიტერ მარტინსი შესაბამისი პრიზით კლუბ რუსთავი 1991-ის პრეზიდენტმა, კობა კობიაშვილმა დააჯილდოვა, ხოლო ტურნირის MVP-ის, მორტენ მილენს პრიზი კლუბ 1991-ის გენერალურმა მენეჯერმა, ვაჟა კვიჟინაძემ გადასცა.
ტურნირის გამარჯვებული ესტონური "ვილანდის" წევრები თასით, მედლებით და სპონსორების მიერ მოწოდებული საჩუქრებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და რუსთავისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ დააჯილდოვეს.