დღეს 3 აპრილს, 18:00 საათზე, თბილისში, მერაბ ბერძენიშვილი კულტურის ცენტრი „მუზაში" (თბილისი, მ. ბერძენიშვილის ქ. #1), ტრადიციული, რიგით მე-9 ფოტოგამოფენა სახელწოდებით „სპორტფოტო" გაიხსნა. პროექტის, რომელიც ამ სახითა და სახელწოდებით 2014 წლიდან აგრძელებს ცხოვრებას, მთავარი მიზანია თბილისში და მთლიანად საქართველოში, სპორტული ფოტოგრაფიის განვითარება. ტრადიციულად პროექტი თბილისის მერიის დაფინასებითა და მხარდაჭერით ტარდება.
ამჯერადაც, პროექტი, განვლილი წლის შედეგებს შეაჯამებს. მორიგი, მეტ-ნაკლებად წარმატებული წლის შემდეგ, „სპორტფოტო 2022" სპორტის გულშემატკივრამდე კიდევ ერთხელ მიიტანს ფოტო-ინფორმაციას წლის ქართულ სპორტულ მონაგარზე.
პროექტმა, 2014 წლიდან თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა თბილისის სპორტულ ცხოვრებაში. ჩვენი ჯგუფი, ცდილობს, ამ სახით, სპორტული ფოტოგრაფებიც წაახალისოს და თავად სპორტსმენებიც. ამას გარდა, შექმნას წლის სპორტული ფოტო-ისტორია. ტრადიციულად, წლევანდელ პროექტში გვყავს რამდენიმე დებიუტანტი მათ შორის გვინდა გამოვყოთ ჩვენი გარდაცვლილი კოლეგის ბადრი კეთილაძის შვილი, რომელმაც მამისგან ესტაფეტა გადაიბარა და წელს ძალები სპორტულ ფოტოგრაფიაში სცადა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ უკრაინელი ფოტოგრაფი ირა სომოვა, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დაწყებული მოვლენების შემდეგ, თბილისში, ქართული კალათბურთის სამსახურშია. ტრადიციულად, „სპორტფოტო" თემატურად ხუთი ოლიმპიური რგოლის პრინციპით იწყობა. დებიუტანტი ავტორების ნამუშევრები, ექსპოზიციის ე.წ. საავტორო რგოლში განთავსდება.
ერთი რგოლი, მთლიანად ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება, სადაც პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას ფიგურული ციგურაობის ქართულმა გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა. აღსანიშნავია, რომ ამ რგოლისთვის ფოტოები საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მოგვაწოდა, რომელიც მეორე წელია აქტიურად არის ჩაბმული ჩვენს პროექტში. ზამთრის თამაშებზე კი, სპორტულმა ფოტოგრაფმა, ხატია ჯიჯეიშვილმა იმუშავა.
2022 წელს, პირველად იასპარეზა საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმაც ევროპის ჩემპიონატზე. ამ მიმართულებით, პროექტში, UEFA ჩაერთო. ტრადიციულად, მონაწილეთა შორის არის IJF (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) და IWF (ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია). მონაწილეთა შორის არიან ასევე ქართული ფედერაციები და სპორტული კლუბები. საერთო ჯამში, „სპორტფოტო 2022"-ზე წარმოდგენილია კადრები სპორტის რამდენიმე ათეულ სახეობას მოიცავს.
გამოფენა „მუზაში" ორ დღეს გასტანს და დამთვარიელებლისთვის იქ, მოხვედრა თავისუფალია. ხვალ, საგამოფენო სივრცე 14:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებს.
ფოტო: ნინო ალავიძე