გიორგი შერმადინის „ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატის საშინაო მატჩში ძალიან ახლოს იყო „ბარსელონას" დამარცხებასთან. კუნძულელებმა უმთავრესად გიორგისა და მარსელინიო უერტასის კარგი თამაშის წყალობით მიაღწიეს იმას, რომ „ბარსას" გამარჯვება ბოლო წამებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თუმცა გადამწყვეტ მომენტში კატალონიელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და 79-76 გაიმარჯვეს.
გიორგი შერმადინმა 24 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, ხოლო უერტასმა 26 წუთში 20 ქულას 8 პასი მიამატა. საბოლოოდ„ტენერიფეს" საიტმა მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც უერტასი დაასახელა.
„ბარსელონაში" კი ყველაზე მეტი თურქეთის ნაკრების ცენტრმა შანლიმ ჩააგდო.
„ტენერიფეს" 25 ტურის შემდეგ 18 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
***
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა - „ტრიესტესთან" სტუმრად გამართულ მატჩში 18 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. მისი „ვირტუსი" კი ბრძოლაში - 78:80 დამარცხდა.
თორნიკეს სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 32 წუთი, 18 ქულა (13-დან 7 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 10 მოხსნა, 4 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტი - 27.
მატჩის ბომბარდირი ტრიესტელი ემანუელ ტერი გახდა - 19 ქულა.
„ვირტუსს" სერია A-ში 24 მატჩში 19 მოგება აქვს და პირველ ადგილზეა.