ქართული ფეხბურთი, ისტორიის კიდევ ერთი ფურცლის წერას იწყებს. ამჯერად მასტერ ლიგაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა პატარა სენსაცია მოახდინა და მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, ნახევარფინალური და საუკეთესო შემთხვევაში ფინალური შეხვედრები ელით, მსოფლიოს მინი-ფეხბურთის ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამ საგზურის მოსაპოვებლად ოთხეულში მოხვედრა იყო საჭირო, რისთვისაც, დღეს, საქართველოს მასტერ ლიგის ეროვნული ნაკრები ალბანეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს დაუპირისპირდა, და 4-1 გაიმარჯვა. ალბანელებმა, თავის მხრივ ჯგუფურ შეხვედრებში, გამომდინარე იქიდან, რომ ოთხგუნდიან ჯგუფში იყო, ჩვენზე ერთით მეტი ჩაატარა, ორში გაიმარჯვა -ესპანეთი დაამარცხა 1-2, ლუქსემბურგს 5-0 სძლია, ერთში კი, რუმინეთთან, ფრედ 2-2 ითამაშა. სხვათა შორის, სწორედ ამ რუმინეთის ნაკრებთან მოუწევს ხვალ თამაში 1/2 ფინალში საქართველოს ნაკრებს და იმედია, ალბანელებთან მატჩი ხვალინდელი შეხვედრის წინა მოსამზადებლად გამოადგებათ.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა C ჯგუფში იასპარეზა და ორივე შეხვედრა მოიგო. თავდაპირველად დაამარცხა კვიპროსის გუნდი 3-2 და შემდეგ სძლია ირლანდიას 2-1. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრები აღნიშნულ ტურნირში მეორედ მონაწილეობს. მოლდოვეთში მიმდინარე 2023 Socca EuroCup-ი კი, ჩვენებისთვის, ჯერჯერობით ფეხბედნიერია. საერთაშორისო ოფიციალურ შეხვედრებში პირველ გამარჯვებასთან ერთად, როგორც უკვე გითხრით, საქართველოს ნაკრებმა გათამაშების ოთხ საუკეთესო გუნდს შორის გასვლა და მსოფლიო მინი-ფეხბურთის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება მოახერხა.
ფოტო: დავით ქარელი