ქართული ლეგიონი ოკეანის გადაღმა
ქართული ლეგიონი ოკეანის გადაღმა
01.04.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა უშუალო კონკურენტ ვაშინგტონ ვიზარდს მოუგო. მატჩი ამერიკის დედაქალაქში გაიმართა და ფლორიდული გუნდის გამარჯვებით - 116-109 დასრულდა. 

ბითაძემ მოედანზე საშუალოზე გაცილებით მეტ ხანს - 21:40 წუთი დაყო. მიუხედავად იმისა, რომ მას სტატისტიკური მაჩვენებლები უხვად არ ჰქონია, მწვრთნელმა ქართველი ცენტრი მოედანზე საკმაო დროით დატოვა, რაც მის სხვა კუთხით სარგებლიანობას ადასტურებს.


ბითაძემ 3 ორქულიანიდან 1 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. საუკეთესო იტალიელი პაოლო ბონკერო გახდა 30 ქულითა და 12 მოხსნით.


33 მოგებითა და 44 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფლორიდელებს ორლანდოში, 2 აპრილს, აუტასიდერ დეტროიტთან ელით.


ვიდეო-კადრები მატჩიდან

***

სანდრო მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი სან ანტონიოში. ტეხასური გუნდის 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ოკლენდში, გლდენ სტეიტის წინააღმდეგ 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. გუნდთან, რომელშიც ზაზა ფაჩულია სამჯერ გახდა ნბა-ს ჩემპიონი, მამუკელაშვილმა გამორჩეულად ითამაშა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მასპინძელმა გოლდენ სტეიტმა გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვა - 130-115.


მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:13 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დნ 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. სანდრომ ფარზე მაგრად ითამაშა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი ბურთი მოხსნა. მის ანგარიშზე ჯამში 13 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. სანანტონიოელთაგან ყველაზე მეტი - 22 ქულა კელდონ ჯონსონმა ჩააგდო. გოლდენ სტეიტში 33 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი.


მომდევნო მატჩს სან ანტონიო 2 აპრილს, საკრამენტოში, კინგსთან გამართავს.


ვიდეო-კადრები მატჩიდან