ოვიდ-შესვენების შემდეგ თბილისში, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი ბრუნდება. ამის შესახებ დღეს, ოფიციალურად სკ „დინამო თბილისის" ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია:
„4-9 აპრილის ჩათვლით „დინამოს საფეხბურთო აკადემია" საერთაშორისო ტურნირს მეხუთედ უმასპინძლებს. წელს ვიტალი დარასელიას თასი 16 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 6 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.
მოახლოებულ ტურნირზე დინამო თბილისის გარდა იტალიური „ჯენოა" და „მონცა", ესპანური „სევილია", თურქული „ბაშაქშეჰირი" და აზერბაიჯანული „ყარაბაღი" იასპარეზებენ. მატჩები „დინამოს აკადემიის" მოედანზე ჩატარდება.
ვიტალი დარასელიას თასი ბოლოს 2019 წელს გათამაშდა და თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში დინამოელებმა „ემპოლი" 1-0 დაამარცხეს", - წერს „დინამო თბილისის" ვებ-გვერდი.
ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ტურნირის ოფიციალური გახსნა, 4 აპრილს, 14:30 საათზე გაიხსნება. გუნდები ორ ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. A ჯგუფში „დინამო თბილისი", „მონცა" და „ყარაბაღი" მოხვდნენ. B ჯგუფში „ბაშაქშეჰირი", „სევილია" და „ჯენოა" იასპარეზებენ. ტურნირის სასტარტო შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და „დინამო თბილისი" - „მონცას" დაუპირისპირდება.i
ჯგუფური ეტაპის თამაშები 4, 5 და 6 აპრილს გაიმართება, 7 აპრილს მეოთხედფინალები, 8 აპრილს ნახევარფინალები, 9 აპრილს კი ტურნირის გამარჯვებულების ვინაობა გაირკვევა. აქვე გეტყვით, რომ ტურნირზე გათამაშდება ყველა ადგილი. შესაბამისად, მასში მონაწილე გუნდები თანაბარი რაოდენობის მატჩებს ჩაატარებენ და უკეთესი შედეგისთვის, ტურნირის ბოლო დღემდე იბრძოლებენ.